პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტებმა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირეს. პროექტის განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს გაიმართა.
თვითმმართველობის კომიტეტიდან კანონპროექტს, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი კონსტიტუციურ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის.
„ჩვენს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ცალსახად ამბობს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები რამდენი უნდა იყოს. შემოთავაზებული კანონპროექტი კი კონსტიტუციურ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში მოდის ან უნდა შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა შევიტანოთ მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ან ჯერჯერობით უარი უნდა ვთქვათ ამ მოდელზე“, – განაცხადა ბესელიამ.
”საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები, ფრაქცია ”რესპუბლიკელების” მიერ არის ინიცირებული. დღეს ის ადამიანის უფლებათა დაცვის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა.
ე.წ. გერმანული მოდელი არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მანდატების განაწილების წესის შეცვლას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, 77 დეპუტატი კვლავ პარტიული სიით, ხოლო 73 – მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა აღნიშნული მოდელით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ პარლამენტში მანდატების მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებს ის პროპორციულ სისტემის შედეგად. ე.წ გერმანული მოდელის თანახმად, პარტია პარლამენტში იმ ადგილებზე მეტს ვერ დაიკავებს, რა პროცენტულ მაჩვენებელსაც არჩევნებში პარტიული სიით მიიღებს.
”გერმანული მოდელის“ მიხედვით, ყველა გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტში ადგილს დაიკავებს, მიუხედავად იმისა, რა პროცენტული მაჩვენებელი აიღო პარტიამ პროპორციული წესით. თუ პროპორციული სისტემით პარტიამ უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე ის რაოდენობა, რაც მაჟორიტარების სახით შეიყვანა, პარტია ადგილებს პარტიული სიიდან შეავსებს.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია არა მაჟორიტარული სისტემით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობისა და პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის ჯამისა, არამედ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ. საკუთრივ პარტიულ სიას მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა ტოლია პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი ზემოაღნიშნული მანდატების რაოდენობისა და მაჟორიტარული წესით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობის სხვაობისა. იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ მაჟორიტარული წესით უფრო მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის მიღებული ხმების პროპორციის შესაბამისად, მის პარტიულ სიას მანდატი აღარ მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში მანდატების ეს ნამეტი გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.
იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული სისტემით მანდატები მოიპოვეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, მანდატების ეს რაოდენობა, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული მანდატების ნამატი, გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღურბლგადალახულ სუბიექტებს შორის.
პროექტის თანახმად, ხმების პროცენტის შესაბამისად მიღებული მანდატების რაოდენობის განსაზღვრისას გამოიყენება საარჩევნო კვოტის პრინციპი, ხოლო გაუნაწილებელი მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის მიხედვით.
ასევე პროექტით, თუ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა გადალახა საარჩევნო ზღურბლი, მაგრამ როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით 6-ზე ნაკლები მანდატი მოიპოვა, მას მიეკუთვნება დამატებითი მანდატები 6-მდე შესავსებად, რისთვისაც თითო მანდატი რიგრიგობით დააკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც სხვა სუბიექტების მანდატების რაოდენობაზე ნაკლები, მაგრამ 7-ზე მეტია.
ამასთან, წარმოდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარდგენას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.
”რესპუბლიკელების” მიერ ინიცირებულ პროექტს საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს.