ოპოზიცია ითხოვს, პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადოს.
თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ დღეს ხელისუფლება ცდილობს, კონტროლი მოიპოვოს საკონსტიტუციო სასამართლოზე.
„ვერ აკონტროლებს რა საკონსტიტუციო სასამართლოს, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, მოიგონოს კანონი, სადაც ერთი-ორი მისგან კონტროლირებადი მოსამართლით მოახდენს საკონსტიტუციო სამართალწარმოების პარალიზებას,“ – აცხადებს შალვა შავგულიძე.
სტრასბურგიდან მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაასაჯაროვეს. ვენეციის კომისია გარკვეულ საკითხებზე იზიარებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებებს. მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვა, რომელზეც ვენეციის კომისიას მკვეთრი შენიშვნა აქვს და ითხოვს, ამოღებულ იქნეს საკანონმდებლო ცვლილებებიდან. ასევე კრიტიკული დამოკიდებულება აქვს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ ფორუმთან დაკავშირებით.
ამ თემაზე განცხადება დღეს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ლევან ბოძაშვილმა, გააკეთა. ახლა გადაწყევტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.