„ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა, რომ მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ გალში, გაერო-ს ოფისში გამართული, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ხუთმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე საუბარი ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობდა.
„შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ და მშვიდ ვითარებაში წარიმართა. საუბარი შეეხო ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტს. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა, რომ მკვლელი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე და საკუთარ თავზე გამოსცადოს ქართული მართლმსაჯულების ძალა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა გალში 6 ივლისს გაიმართება. ივნისში კი დაგეგმილია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელზეც ასევე იქნება განხილული ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მახლობლად, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

