მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, განცხადებებს საპარლამენტო უმცირესობაში გამოეხმაურნენ. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ კორცხელის ინციდენტზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, უნდა დაიკითხოს.
„კალაძე უნდა დაიკითხოს. თუ არ დაიკითხება კალაძე, მალე დაიკითხება შოთაძე. ცხადია, რომ კორცხელზე პასუხისმგებელი პირი კალაძე იყო, ამ ინციდენტზე დამნაშავე და პასუხისმგებელი ხელისუფლებაა,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ მთავარი პროკურორიყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის აზრის გამტარებელია.
„შოთაძისგან მეტს არ ველოდი. შოთაძე არის ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი. გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენ 100%-იანი ინფორმაცია გვაქვს, როგორ აპირებენ ამ საქმის ჩაფარცხვას. კალაძის ცოლის ძმა არის ქოლგა და მისი ორგანიზაციის ქვეშ ამ ხალხის ვარჯიში, წვრთნა, თანხის მიცემა ხდება,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, კორცხელის ინციდენტის კომენტირებისას შოთაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას დაკითხავს, ხოლო კალაძის დაკითხვას ისინი არ აპირებენ.