მტკვარში გადავარდნილი მამა ბასილის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში სამების ლავრის კეთილმოწესე, არქიმანდრიტი ისააკ ღადუა საუბრობს. მისი თქმით, მამა ბასილმა ტრაგიკულ შემთხვევამდე უცნაური სიზმარი ნახა:
„მამა ბასილი მონასტერში ცხოვრობდა. რაც იქ მოვიდა, მონასტრის გარეთ ერთი ღამეც არ გაუთენებია. იმ საღამოს გამონაკლისი შემთხვევა იყო, მოსვლა დააგვიანდა, ღამის პირველი საათი ხდებოდა, როცა მონასტრისკენ მოდიოდა.
მანამდე სახლის კურთხევაზე წასულა. ერთი ახლობელი ჰყავდა, გაჭირვებული ოჯახი იყო, რომლის სახლიც უნდა ეკურთხებინა, მამა ბასილს ერთ-ერთი მეგობრისთვის უთქვამს, ოჯახს წინასწარ რომ ვუთხრათ, შეწუხდებიან, ამიტომ ისე მივიდეთ, ვაკურთხოთ და წამოვიდეთო. მოულოდნელად მიადგნენ, სახლი აკურთხეს. ჩვენ კი ვკითხეთ, სუფრა ხომ არ იყო, ხომ არ დაჯდა, ხომ არ დალია-თქო, გვიპასუხეს, არა, ისე გააკეთა ყველაფერი, ვერაფერი მოვასწარითო“ – აღნიშნავს არქიმანდრიტი.
მისივე თქმით, ტრაგიკულ შემთხვევამდე, მამა ბასილი სიზმრის შესახებ საუბრობდა.
„იქ მისი რამდენიმე მეგობარი ერისკაციც ყოფილა, რომლებიც თავიანთ სახლებში დაარიგა. მათთან უთქვამს, წუხელ უცნაური სიზმარი ვნახეო. მეგობრებს გაუკვირდათ, მოყოლა რომ დაიწყო, რადგან მათ ყოველთვის ეუბნებოდა, სიზმრებს ნუ დაუჯერებთო.
უთქვამს, მთაწმინდაზე მამადავითის ტაძარში ვიყავი, რაღაც ადგილი მომიჩინეს, შენი ადგილი აქ იქნებაო. წვიმდა, ვსველდებოდი და ვფიქრობდი, ამ ამ წვიმაში რატომ ვარო. მამები ცალკე იდგნენ, მშრალები იყვნენ, არ სველდებოდნენ, მარტო მე ვსველდებოდი და მიკვირდა ეს ადგილი მე რატომ მომიჩინესო. იმ საღამოს რამდენიმე საათში წყალში გადავარდა.
საერთოდ, მამა ბასილმა ბევრი ლაპარაკი არ იცოდა, მეგობრები კი ამბობენ, იმ საღამოს ყველას გვარიგებდა, ბევრი ისაუბრა, გვიკვირდა, ისეთი უცნაური იყოო“, – ამბობს სამების ლავრის კეთილმოწესე.
არქიმანდრიტის თქმით, მამა ბასილის მამაც ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
„მამამისი 40 წლის იყო როცა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მამა ბასილი ობლობაში იყო გაზრდილი. ამბობდა, მამაჩემის მკვლელს ვაპატიეთ, ვინც დაეჯახა, ციხეში არ ჩავსვითო, თავმდაბალი, საუკეთესო ბერი იყო ჩვენს საძმოში“, – აღნიშნავს არქიმანდრიტი.
თბილისში, სანაპიროზე მღვდელ-მონაზონი მამა ბასილი კორტავა მანქანით მტკვარში 17 მაისს გადავარდა.
მაშველებმა მისი ცხედარი ხუთი დღის შემდეგ იპოვეს. ზუსტი მიზეზი, რის გამო მოხდა უბედური შემთხვევა, ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მისი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა, მართვა დაკარგა და მტკვარში გადავარდა.