ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთი აფხაზეთს აკისრებს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთი  აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აკისრებს.-ამის შესახებ ინფორმაციას  რუსული მედია აქვეყნებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. მისივე თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს ირიბი შეხებაც არ ჰქონიათ.

„აფხაზეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის, გიგლა ოთხოზორიას მკვლელობასთან რუსეთს კავშირი არ აქვს. რამდენადაც ჩვენ ვიცით, კონფლიქტი აფხაზი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ზონაში წარმოიქმნა და რუსულ მხარეს მასთან ირიბი შეხებაც არ ჰქონია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს უკავშირდებოდა, ზახაროვამ უპასუხა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხალხს მხოლოდ დადებითი ენერგია და სიყვარული უშველის უთანხმოების დაძლევასა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში.

 

„საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში არსებობდა სხვადასხვა ეტაპები როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. იყო მჭიდრო კონტაქტების წლებიც, მაგრამ სამწუხაროდ, გადაუწყვეტელი პრობლემების გამო საქართველო და რუსეთი განიცდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონას. ამის მიუხედავად, ადამიანებს შორის კონტაქტები არასოდეს შეწყვეტილა“, – განაცხადა ზახაროვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გამოსწორდება.

იტვირთბა....