საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს და თამაზ მეჭიაურის გუნდს შეუერთდეს.
„მე წელიწადნახევრის წინ ვიყვირე პირველად, რომ პარტიაში არ იყო კარგად მდგომარეობა. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. ყრილობამაც, სამწუხაროდ, გამიცრუა იმედი, მითუმეტეს პოლიტსაბჭოს ახალმა, შემომატებულმა წევრებმა, რომლებმაც საოცარი სიურპრიზი მოგვიტანეს. ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, მე ვიქნები თუ არა მათთან ეს არის საკითხავი. არ გამოვრიცხავ, რომ წავიდე… ვერავის დავუთმობ ამ ქვეყანას, ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ვიბრძოლებ ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში, იმიტომ რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა. ამიტომაც მე ვარ იმ ფუნდამენტურ საფუძვლებთან ერთობაში, რომელიც, თავის დროზე, გამოაცხადა ”ქართულმა ოცნებამ”. კონტურები უკვე გამოკვეთილია და არ არის გამორიცხული, დღეს ან ხვალ ეს გადაწყვეტილება მივიღო. არ მინდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდე, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ერთგული, ისევე როგორც სამშობლოს ერთგული”, – განაცხადა ნიშნიანიძემ.
ის არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ სხვებმაც დატოვონ. ნიშნიანიძემ ასევე ისაუბრა სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე და ხელისუფლების ნაბიჯები გააკრიტიკა.
„მაგალითდ, მე დამირეკეს სამეგრელოდან ჩვენმა თანამებრძოლებმა და მითხრეს, რატო არ გვენდობით, სულ არ იყო საჭირო არავის ჩაყვანაო – იქ, ადგილზე მეგრელები, ეს კარგი ხალხი მოუვლიდნენ და თუ საჭირო იყო ცხვირსაც დაუნაყავდნენ და გამოცოცხავდნენ კიდეც”, – აღნიშნა ნიშნიანიძემ.
მის ამ განცხადებას მეჭიაური გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასთან მეგობრობს და გასაყოფი არაფერი აქვს.
„ომარ ნიშნიანიძესთან გასაყოფი არაფერი მაქვს. ის ზღვების საკითხბშია და მე ხმელეთზე ვარ. ომარი მეგობარი კაცია და იდეურათაც საკმაოდ ახლოს არის, თუ მას ასეთი სურვილი ექნება, დიდი სიამოვნებით. საერთოდ, ყველა თემაზე ყველასთან ვსაუბრობ ფრაქციის შიგნით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს თემა არ გაგვივლია, თუმცა მივესალმები მის ასეთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მეჭიაურმა.