„ახლა ბოკერიას, მელიას, „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერების და ზონდერების ჯერია,“- ამის შესახებ პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს. ის ამ განცხადებით, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე სპორტსმენების დაკითხვას ეხმაურება.
„კორცხელის ინციდენტში მონაწილეთა ერთი ნაწილი გუშინ თავის ფეხით მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ცხადია, რომ ისინი უნდა დაისაჯონ დანაშაულის ხარისხისა და კანონის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება, რომ ორი აზრი არსებობდეს.
ახლა ბოკერიას, მელიას, ნაცმოძრაობის სხვა ლიდერების და ზონდერების ჯერია, რომ თავადაც გამოცხადდენ პოლიციაში და მოყვნენ მათ მიერ დაგეგმილი და განხორცილებული უამრავი მასობრივი ცემის და ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. წესით, ისინიც უნდა დაისაჯონ დანაშაულის ხარისხისა და კანონის შესაბამისად. არც ამასთან დაკავშირებით შეიძლება, რომ ორი აზრი არსებობდეს.
საზოგადოებამ აქტიურად უნდა მოითხოვოს, რომ მეორე მხარემაც მოყვეს, როგორ იგეგმებოდა არცთუ შოროეულ წარსულში ეს ყველაფერი. მათ ბევრი რამ იციან ისეთი, რასთან შედარებითაც კორცხელი ზღვაში წვეთია.” – წერს სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7 უბანში შუალედური არჩევნები ჩატარდა. ხმაური იყო სამეგრელოში, კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის, გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგზის გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, ჩხუბში ჩართული იყვნენ სპორტსმენები და გამოყენებული იყო ხელკეტები.