ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არეულობა თსუ-ში: ულტიმატუმი ხელისუფლებას – „გადავალთ რადიკალურ ზომებზე“

„გადავალთ რადიკალურ ზომებზე, ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ოთახების  პიკეტირება და არ მივცემთ ამ სტრუტურას (სტუდენტურ თვითმმართველობას) და შეიძლება საერთოდ, არც უნივერსიტეტს სასწავლო პროცესის განახლების საშუალებას“ – ამის შესახებ „მეტრონომს“ „აუდიტორია 115-ის“ ერთ-ერთმა წევრმა თორნიკე შევარდნაძემ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ თსუ-ს „აუდიტორია 115“-ის წევრები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. ისინი მოითხოვენ დღეს, 18 საათამდე გამოხატონ პოზიცია სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმების შესახებ. ასეთ რადიკალურ ნაბიჯს სტუდენტებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც გუშინ ღამით „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი წევრი ცოტნე ცხვედიანი თვითმმართველობის წევრებმა სცემეს.

„მოვდიოდი ლექციიდან, შემხვდა თვითმმართველობის 2 წარმომადგენელი. ჯერ აგრესიულად მომმართეს. როცა ვცადე გამერკვია, რა უნდოდათ ჩემგან, აგრესიაზე გადმოვიდნენ. ხელი დამარტყეს და შემდეგ უკვე მოვიდა 20-მდე ადამიანი. უკვე როცა მორჩა ჩხუბი, ზოგიერთი მას მერეც მოდიოდა და ცდილობდა, ჩემთვის ფიზიკური შეურახყოფა მოეყენებინა. სამწუხაროდ, არ ვიცი მათი სახელები და სახელებს ვერ დავასახელებ. კადრებზე ყველაფერი ჩანს“ – ამბობს ცხვედიანი, რომელსაც გუშინ თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მეტრონომი“ „აუდიტორია115-ის“ ერთ-ერთ წევრ თორნიკე შევარდნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ცემის ფაქტის ამსახველი კადრებიც არსებობს, რომელიც თავადაც ნახა.

„ჩვენ ეს კადრები დაცვის სამსახურმა გვანახა. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაც ეგ არის, რომ დაცვის სამსახურმა ეს კადრები დროულად გაავრცელოს, რადგან 24 საათში ეს კადრები იშლება. კადრებში ჩანს რამდენიმე ადამიანი. ბუნებრივია, საბედნიეროდ, ყველა ცოტნეს არ ურტყამდა, მაგრამ რამდენიმე პირი ურტყამდა და ეს კადრებშიც ჩანს. საგამოძიებო ორგანოზებში რომ გადავა ეს საქმე მარტივად გარჩევადი იქნება, ფაქტია, რომ იქ იყვნენ თვითმმართველობის ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები“- აღნიშნა „მეტრონომთან“ შევარდნაძემ.

მისი თქმით, დღეს, 6 საათზე „აუდიტორია 115-ის“ წევრები აქციასაც გეგმავენ და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, შესაძლოა თსუ-ს ოთახებისა და მთლიანად უნივერსიტეტის პიკეტირებაზე გადავიდნენ.

„ულტიმატუმი გვაქვს ხელისუფლებისთვის მიცემული, რომ სახელისუფლებლო დონეზე გაჟღერდეს თვითმმართველობის გაუქმების შესახებ. ამის აუცილებელი საჭიროება არის. წინააღმდეგ შემთხვევაში გადავალთ რადიკალურ ფორმებზე, ისეთ ფორმებზე, როგორიცაა პიკეტირება ოთახების და არ მივცემთ ამ სტრუტურას და შეიძლება საერთოდ, არც უნივერსიტეტს სასწავლო პროცესის განახლების საშუალებას. იმიტომ, რომ ჩვენ გუშინდელი ფაქტის შემდეგ სხვა გზა აღარ გვრჩება“ – უთხრა „მეტრონომს“ თორნიკე შევარდნაძემ.

თავად თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბახტურიძე, რომელსაც „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტები ცოტნე ცხვედიანზე თავდასხმაში ადანაშაულებენ, ამბობს, რომ ცხვედიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენა.

„რაღაც მითხრა, ვერ გავიგე. მოვტრიალდი, რომ გამეგო რას მეუბნებოდა. ეგრევე წამოიწია ჩემკენ. წამოვიდა პირდაპირ დასარტყმელად. ვერ მივხვდი მიზეზს. არც გვილაპარაკია საერთოდ. ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი იყო, მკერდზე მიადო ხელი და გააჩერა. მე გავაგრძელე ლიფტისკენ სიარული და მერე უკვე შემაგინა. დარტყმას ცდილობდა, შემდეგ თვითონ წაიქცა. კამერაში კარგად ჩანს ყველაფერი, რა მოხდა. წამოდგა და ისევ მომვარდა. ხელები გავუკავე, კედელთან მყავდა მიყუდებული, რა აკეთებ, რატომ პროვოცირებ-მეთქი. არაფერი აინტერესებდა, არაადეკვატური იყო. შემდეგ აუდიტორია 115-ის წევრები ამოვარდნენ ქვემოდან. დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც მოვიდნენ. დერეფნიდან სხვა სტუდენტები მოვიდნენ, ზოგი წევრი, ზოგი არაწევრი. იყო ქაოტური სიტუაცია, მაგრამ 20-მა კაცმა ცემაო, ეს არის სრული ტყუილი. არავის უცემია“ – ყვება ბახტურიძე „ლიბერალთან“ საუბრისას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თსუ-ს რექტორის მოვლეობის შემსრულებლმა, დარეჯან თვალთვაძემაც. მისი თქმით, „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტის სავარაუდო ცემის ფაქტს უნივერსიტეტის ეთიკის კომისია შეისწავლის და იმის მიხედვით, თუ რა გაირკვევა კამერით გადაღებული მასალებიდან, შეიძლება როგორც დამნაშავეთა სიტყვიერი გაფრთხილების, ასევე, უარეს შემთხვევაში, დისციპლინური დევნის სახით სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დასვას.

„აუდიტორია 115-ის“ სტუდენტის, ცოტნე ცხვედიანი სავარაუდო ცემის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს.

იტვირთბა....