გაზეთი “ქრონიკა პლუსი” სტატიას აქვეყნებს, სადაც ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დეტალებია აღწერილი:
“ვინ იცის, რამდენჯერ მომხდარა ისე, რომ აფხაზი ბოევიკები ხურჩაში გადმოსულან, ენგურის ადგილობრივი ხიდის გასწვრივ აღუმართავთ ტრაფარეტი „ხურჩა, გალსკი რაიონ“ და სოფლის თავში, რომელიმე სახლში ბანაკიც დაუციათ, ადგილობრივ გამგეობად სახელდებული.
როგორც წესი, ამგვარი გამოხტომა მათ მუდამ ძვირად უჯდებოდათ. დიახ, შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი, ხან პარტიზანების აქტიურობის, ხან კი შინაგანი ჯარის პოსტების ხარჯზე, ადგილობრივი მოსახლეობა ბევრად უფრო დაცულად გრძნობდა თავს, ვიდრე ახლა: აფხაზი ბოევიკების თვითნებობა, მაქსიმუმ, რამდენიმე დღეს გრძელდებოდა და შემდეგ, როცა შტაბს პარტიზანები დაადუღებდნენ, უკან იხევდნენ და ხურჩის მიტაცების მცდელობაზე ხელს იღებდნენ.
თუმცა, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც წყალგამყოფად პატარა ღელეა მიჩნეული, სულ დაძაბულობა იყო, რადგან გაღმა-გამოღმა დაპირისპირებული,შეიარაღებული მხარეები იდგნენ – ორივე მხარის შეიარაღებული პირები სანგრებში ისხდნენ და სროლის ხმა იქ ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ.
ბოლოს აფხაზმა სეპარატისტებმა ხურჩისა და განმუხურის მიტაცება 2008 წლის ომის შემდეგ სცადეს, მაგრამ საბოლოოდ არც ეს გამოვიდა. ამის შემდეგ გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ მიდგომა შეცვალა და ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ ზოლზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო. ცხადია, იქვე იყო ე.წ. სასაზღვრო პუნქტიც – რუსი ოკუპანტების მთელი ჯგუფით. სულ მალე ეს პუნქტი „საზეიმოდ“ გაიხსნა და ამ ამბავს აფხაზურმა ტელევიზიამ ერთი დიდი სიუჟეტიც მიუძღვნა. ახალგახსნილ პუნქტში მივიდნენ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გაესაუბრნენ ადგილობრივებს, შეამოწმეს კონტროლის პროცესი.
სწორედ ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოკლეს გიგა ოთხოზორია.
მათ, ვისაც ამ პუნქტის გავლა თითქმის ყოველდღე უხდება, ძალიან კარგად იციან, რომელი ჯგუფის მორიგეობაა შედარებით მსუბუქი და რომლის – მძიმე. სამწუხაროდ, 19 მაისი ის დღე იყო, როცა პუნქტზე „მძიმე“, ქართველთმოძულე ჯგუფი იდგა.
ავტობუსამდე მისასვლელად პუნქტის გავლაა აუცილებელი. ყოფილა შემთხვევები, როცა აფხაზ და რუს ე.წ. მებაჟეებს (უფრო სწორად, როლები ასეა გადანაწილებული: დგანან აფხაზი ე.წ. მებაჟეები და რუსი ე.წ. მესაზღვრეები) ადგილობრივი მცხოვრები საბუთების შეუმოწმებლადაც გაუტარებიათ შლაგბაუმს მიღმა, ავტობუსის მგზავრისთვის რაიმე შეკვრის ან ჩანთის მისაცემად. ზოგიერთებს ხომ სახეზეც სცნობენ და სცნობენ, ამიტომ, თუ კარგ ხასიათზე არიან, მათ გამოარჩევენ ხოლმე და ურიგოდ, შეუმოწმებლად უშვებენ – ადგილობრივი გლეხების პატიოსან ბუნებას ისინიც კარგად იცნობენ და აღიარებენ.
გიგა ოთხოზორიამ, თვითმხილვილთა თქმით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ქართული ID ბარათი გაუწოდა. პირველი აგრესია მის მიმართ სწორედ ამ დროს წამოვიდა: აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა სსრკ-ს ან ახალი აფხაზური პასპორტი მოითხოვეს, რაც გიგას არ ჰქონდა. მაშინ მას კატეგორიულად განუცხადეს, რომ ნაბაკევისკენ არ გაუშვებდნენ.
ახლა ადვილია თქმა, გიგა რომ გამობრუნებულიყო, არაფერი მოხდებოდაო, მაგრამ მის გზავნილს გალში ელოდებოდნენ და ამიტომაც, ოთხოზრიამ განმეორებით სცადა ბედი: მან ოკუპანტების დამუნათება დაიწყო, რაც მათ აშკარად არ ეპიტნავათ. მერე ყველაფერი ელვისებური სისწრაფით მოხდა: ერთერთმა ოკუპანტმა იარაღი ამოიღო და პირდაპირ ფეხში ესროლა ოთხოზორიას.
გაწევ-გამოწევაში, რა დროსაც გიგა რამდენიმე მამაკაცმა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა, სავარაუდოდ, ოთხოზრიას არც უგრძვნია, რომ დაჭრილი იყო, ხოლო როცა შეატყო, რომ ფეხიდან სისხლი სდიოდა, მიბრუნდა და ოკუპანტებს თავიანთი მოქმედების შედეგი აჩვენა, რასაც კიდევ რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
კადრებში, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო, გიგა სწორედ ამ დროიდან ჩანს – როცა უკვე დაჭრილია, კოჭლობს და ხურჩის ბოლოს მდგარი კაფისკენ მოჰყავთ. ჩანს ისიც, რომ დროდადრო გიგა პოსტის მხარეს ბრუნდება, სავარაუდოდ, იქედან წამოსულ რეპლიკებს პასუხობს.
ეს დეტალი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა ოკუპანტებისთვის: მათგან ოთხმა, იცოდნენ რა, რომ არავითარი საფრთხე არ ელოდათ, გიგა ოთხოზრიას თითქმის კაფემდე მისდია და კიდევ რამდენჯერმე ესროლა. ერთმა, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ კი უკვე წაქცეულ ოთხოზორიას ტყვია თავში დაახალა, რის შემდეგაც დანარჩენებთან ერთად ისევ ნაბაკევისკენ ქნა პირი და გაუჩინარდა.
კადრში ისიც ჩანს, როგორ აბრუნებს თავს მკვლელი, სანამ პატარა ბოგირს გადაივლის. ერთერთი ვერსიით, ეს ყოფილი ბოევიკი ქართველების მიმართ აგრესიულობით ადრეც გამოირჩეოდა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ როცა ოთხოზრიას თავში ტყვია დაახალა, ხმამაღლა, რუსულად თქვა: „ესეც, ჩემი მეჩვიდმეტე!..“
ამ დროისთვის გიგა უკვე მიწაზე გდია, მას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. ადამიანები, ვინც მომხდარს შეესწრო, შოკში არიან და მიშველებასაც კი ვერ ბედავენ, მხოლოდ ერთი ადამიანი იხრება გიგასკენ და მის შველას ცდილობს. ვიღაცამ სასწარფოში დარეკა, რომელიც ოც წუთში მოვიდა. გიგა ცოცხალია, მაგრამ გონებადაკარგული. ის გზაში გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით, ექსპერტიზის შემდეგ გაირკვა, ერთი ტყვიის გარდა, თითქმის ყველა სასიკვდილო იყო, ასე რომ, თავში მიღებული ჭრილობა რომც არ ჰქონოდა, გიგა ოთხოზორიას გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, ნულს უტოლდებოდა – ის არაკაცურად და სასტიკად, დაუნდობლად დაცხრილეს…
გიგა ოთხოზორიას ორი შვილი დარჩა. შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა, კარგი მეუღლე და უიშვიათესი ბუნების, ძალიან კარგი ადამიანი, კიდევ ერთი პატრიოტი ქართველი აღარ არის. მას 26 მაისს დაკრძალავენ. მანამდე კი მის სახლში, ზუგდიდში, არ წყდება ნაცნობთა თუ უცნობთა თანაგრძნობის გამოხატვა – იქ ყოველდღე უამრავი ხალხია.
ოთხოზორიას ოჯახს ერთერთმა პირველმა მიხეილ სააკაშვილმა მიუსამძიმრა – მის მიერ გამოგზავნილი დეპეშა იმ ოთახში, ჭირისუფლების გასაგონად, ხმამაღლა წაიკითხეს, სადაც მოკლული იყო დასვენებული. დეპეშის ტექსტის კითხვისას მხოლოდ ქვითინი ისმოდა, ხოლო გიგა ოთხოზორიას დედამ, რომელიც პედაგოგია და რამდენიმე თაობა ჰყავს აღზრდილი, დეპეშის გადაცემის შემდეგ მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა: „გიგა ყოფილიყოს უკანასკნელი მსხვერპლი…“