საზოგადოება

ვინ არის თამაზ მეჭიაურის ყოფილი მეუღლე

მუსიკოსი თამრიკო მეჭიაური საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სიმღერით „მოღალატე.” მისი გზა საოცნებო სცენისკენ ვოკალის პედაგოგის რანგში დაიწყო, რასაც დღემდე დიდი სიამოვნებით განაგრძობს. პროფესიული კარიერის მიღმა მისი ცხოვრება ერთი ქალის ისტორიაა – სიხარულით, ტკივილითა და ემოციებით სავსე, რაზეც დღეს ჩვენი რესპონდენტი, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის ყოფილი მეუღლე, ჩვენთან გულწრფელად საუბრობს.

 

თამრიკო მეჭიაური: პროფესიით ვოკალისტი ვარ. მეორე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და შემდეგ სწავლა გავაგრძელე სახელოვნებო ჰუმანიტარულ აკადემიაში. მთელი ცხოვრება მუსიკას ვსწავლობ, წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩემი დის, ნანა ბალახაშვილის სდუტია „ლურჯა ცხენებში”… არასდროს გადამიხვევია იმ გზიდან, რომელიც წლების წინ ავირჩიე, არც მაშინ, როცა საკმაოდ რთული პერიოდები მქონდა – გაჭირვებაშიც კი ჩემი პროფესია დამეხმარა. ვოკალისტი ვიყავი, მაგრამ, როცა გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი სერგო ნაცვალაძესთან, დღისით მე თვითონ დავდიოდი გაკვეთილებზე, საღამოს კი კერძო მოსწავლეებს ვასწავლიდი. იმ რთულ წლებში ასე გადავირჩინე თავი.

თქვენი რეპერტუარიდან ყველაზე გახმაურებული სიმღერაამოღალატე”, რომელზეც ამბობენ, რომ თქვენს პირად ცხოვრებასთან არის დაკავშირებული.

– მე ამ სიმღერის ავტორი არ ვარ, მისი ავტორი ქართლოს კასრაძის მეუღლე ნუნუ ანანიაშვილია, თუმცა, ეს სიმღერა ჩემთვის იმდენად ორგანული აღმოჩნდა, რომ მისი ავტორი ბევრს მე ვგონივარ. ეს სიმღერა ჩემამდე იმღერა თემურ თათარაშვილმა „თოვლის ბებო ბაბალეში”. მე მას მეგობრების წრეში ვმღეროდი, მერე მათ მთხოვეს, დიდ სცენაზე იმღერეო და, მართლაც, ჩემს სიმღერად იქცა. მასში დიდი ემოცია ჩავდე, ისე გავითავისე და შევისისხლხორცე, როცა ამ სიმღერას ვმღეროდი, თითქოს ვტიროდი; თუმცა, თქვენს კითხვაზეც გულწრფელად გიპასუხებთ: ჩემს პირად ცხოვრებასთან ამ სიმღერის ემოციურ შესრულებას კავშირი არ ჰქონია – არ გიტირიათ კარგი ფილმის ყურების დროს მისი რომელიმე პერსონაჟის ცხოვრების გამო?! ამ სიმღერას ისეთი ტექსტი აქვს, უემოციოდ ვერ. როდესაც ეს სიმღერა ვიმღერე, ბევრი წელი იყო გასული ჩემი ოჯახის დანგრევიდან და აღარც ტკივილი აღარ იყო მძაფრი, თუმცა, ჩვენი ოჯახი ღალატის გამო ნამდვილად არ დანგრეულა.

თქვენ იყავით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მეუღლე. როგორი იყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ეს იყო ემოციური ისტორია. პატარები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით. ჩვენი გზები თითქოს შემთხვევით გადაიკვეთა, თუმცა, მერე ბევრჯერ მიფიქრია, რომ ჩვენი შეხვედრა იყო ბედისწერა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე რომ ვიყავი, ბებიას ხშირად ჩავყავდი ხოლმე თიანეთში. თამაზი იქ ცხოვრობდა. მერე თბილისში სკოლაში ჩამომაკითხა და დამემშვიდობა – ჯარში მიდიოდა. წერილებით გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ჯარიდან რომ დაბრუნდა, უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი… დავდიოდით ფილმებზე, სპექტაკლებზე. იმ დღეს, როცა გავთხოვდი, დაოჯახება არ გვქონდა გადაწყვეტილი. პაემანზე უნდა მივსულიყავი, მაგრამ 40 წუთი დამაგვიანდა. თამაზი დიდხანს მელოდა და უკვე წამოსული იყო შეხვედრის ადგილიდან. მაშინ მობილურები არ იყო, ვერ დამიკავშირდებოდა. მეტროს ვაგონში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს – აი, რას ნიშნავს ბედისწერა. იმ დღეს გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა. გვქონდა ტრადიციული ქართული ქორწილი – სამასკაციანი სუფრა იყო გაშლილი თიანეთში.

საცხოვრებლად თიანეთში გადახვედით?

– თავიდან, როცა ოჯახი შევქმენით, თამაზი სტუდენტი იყო, ეკონომიკურზე სწავლობდა. ცოტა ხანს თბილისში, ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდით, მერე სამუშაოდ თიანეთში გაანაწილეს და იქ გადავედით. მე აქ ყველაფერი მივატოვე – სწავლა, მომავალი, თუმცა ეს არასდროს მინანია. თიანეთში ორივემ პედაგოგობას მოვკიდეთ ხელი: თამაზი პროფსასწავლებელში ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა, მე სამუსიკო სკოლაში ვმუშაობდი. დღეს ძალიან კარგად მახსენდება ის წლები – გვქონდა მშვიდი, წყნარი ცხოვრება. თამაზს ჰყავდა არაჩვეულებრივი მშობლები, ძალიან პატიოსანი და თბილი ადამიანები; ირგვლივ იყო სიმშვიდე, სიკეთე, ულამაზესი ბუნება. მე მიყვარს მიწასთან ურთიერთობა, არაფერს ვთაკილობდი, ჩემი პატარა მეურნეობაც მქონდა – ხეხილის ბაღი, ლამაზი ყვავილები. თამაზის მეგობრებს ძალიან უყვარდათ ჩვენთან სტუმრობა.

ამ მეგობრებს შორის იყო ბიძინა ივანიშვილიც? როგორც ცნობილია, ისინი თანაკურსელები იყვნენ.

– დიახ, ბიძინა ივანიშვილი და თამაზი ერთად სწავლობდნენ უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე და ერთ ჯგუფში იყვნენ. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა და იმ დროს ჩვენთან თამაზის ბევრი მეგობარი მოდიოდა, თუმცა იმ პერიოდიდან ბიძინა ივანიშვილი არ მახსოვს.

უკვე მაშინ ეტყობოდა კოჭებში თამაზ მეჭიაურს, რომ პოლიტიკურ კარიერას გაიკეთებდა და პარლამენტის სამგზის დეპუტატი გახდებოდა?

– კი, ეტყობოდა (იცინის). ამბიციური იყო, ოღონდ, ჯანსაღი ამბიციები ჰქონდა ყოველთვის. მაშინ კომუნისტური რეჟიმი იყო და კარიერის დაგეგმვაზე ბევრს ვერ იფიქრებდი, მაგრამ თამაზი ყოველთვის „ეჭიდებოდა” ცხოვრებას. ძალიან მალე პროფსასწავლებლიდან რაისაბჭოში გადავიდა და იქიდან დაიწყო მისი კარიერა, თუმცა ჩვენ უკვე აღარ ვიყავით ერთად – მე შორიდან ვხედავდი, როგორ მიდიოდა მისი ცხოვრება. მან მოინდომა და მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება. ის თიანეთის რაიონში ძალიან უყვართ და პატივს სცემენ. ბევრს ეხმარებოდა წლების განმავლობაში და ეს ხალხს ახსოვს. თამაზი იმ დროში, იქაც კი პროგრესული ადამიანი იყო, პატივს სცემდა ჩემს საქმეს; მუსიკის კარგი შემფასებელი გახლდათ, ნაკითხი, განვითარებული. ის კარგი ქმარი იყო, ყურადღებიანი, მხიარული, ხალისიანი. საოცარი იუმორი აქვს – ისეთ რამეს გეტყოდა ხუმრობით, ბევრ რამეზე დაგაფიქრებდა. მასთან ცხოვრება მარტივიც იყო და რთულიც. თამაზი საკმაოდ ფილოსოფიური ნატურაა, მარტივად არ ფიქრობს.

დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ ყოფილ მეუღლესთან?

– ჩვენ ვართ კარგი მეგობრები, ოღონდ, ეს არ არის ცარიელი ლამაზი სიტყვები. მე არ მესმის იმ ქალების, რომლებიც წლების შემდეგ იწყებენ ბრძოლას იმ მამაკაცის წინააღმდეგ, ვინც ოდესღაც მათთვის ძვირფასი იყო. არ გეგონოთ, ამაზე უემოციოდ იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენი დაშორებიდან წლები გავიდა. არა! იმის მიუხედავად, რომ მარტო დავრჩი პატარა შვილით, არც გავბოროტებულვარ და არც მარტოდ მიგრძნია თავი. ისეთი აქტიური ვიყავი, უცებ მოვძებნე მოსწავლეები და დავიწყე მათი მომზადება. თავს არ ვაძლევდი იმის საშულებას, რომ მარტოობაზე მეფიქრა და დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი, პირიქით, ვიბრძოდი საკუთარი და ჩემი შვილის ცხოვრებისთვის.

თქვენი პირადი ცხოვრება როგორ აეწყო, აღარ დაოჯახდით?

– არა. ალბათ, შიშის მომენტი იყო – ერთხელ რომ არ გაგიმართლებს, ფიქრობ, რომ მეორედაც ასე იქნება. ვერ ვიტყვი, რომ თამაზის გამო აღარ ვიფიქრე მეორედ დაოჯახებაზე, არა. ის სამ წელიწადში დაოჯახდა მეორედ, ჩემი ცხოვრება კი ასე წარიმართა. პირადი ბედნიერება სხვა რამ არის, მას ვერანაირი წარმატებული კარიერა ვერ შეცვლის, მაგრამ, როდესაც გყავს შვილი, ყველაფერს სხვანაირად უყურებ. მე მყავდა კახა – ადამიანი, ვისთვისაც უნდა მეცხოვრა და, მიხარია, რომ ჩემი შვილი საუკეთესო ადამიანია, ვინც კი შემხვედრია ცხოვრებაში. მეუღლე რომ მყოლოდა, უფრო ბედნიერი და გალაღებული ვიქნებოდი, მაგრამ, რაც იყო, იყო, სამაგიეროდ, მყავს შვილი, შვილიშვილი, არაჩვეულებრივი რძალი, ვაკეთებ საყვარელ საქმეს – ალბათ, ასეთი უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება.

მეუღლის გვარს არ შეელიეთ?

– ყველა საბუთი მის გვარზე მქონდა აღებული და ამაზე სირბილის დრო არ მქონდა, თან, ბევრი ტექნიკური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებოდი. არც თამაზი იყო წინააღმდეგი – არასდროს გაუპროტესტებია, რომ მისი გვარი მქონოდა (იცინის). ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს. შეიძლება, ერთმანეთს ხშირად არ ვნახულობთ და მხოლოდ შვილის ან შვილიშვილის დაბადების დღეებზე ვხვდებით, მაგრამ ერთმანეთს გულწრფელად ვგულშემატკივრობთ. თამაზი ჩემი შვილის მამაა და ეს ყველაფერს ნიშნავს. ხანდახან კულტურულ ღონისძიებებზეც „გადავიკვეთებით” ხოლმე და ერთმანეთს ნორმალურად მოვიკითხავთ. ჩვენ ისევ გვაკავშირებს ის მეგობრობა, რაც წლების წინ დაიწყო და არ დამთავრებულა.

ბოლო დროს, ცოტა რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე. მოგწონთ მისი, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი?

– თამაზი ემოციური კაცია, თუმცა თავშეკავებული, მაგრამ, ეტყობა, ხანდახან ევსება მოთმინების ფიალა და, ზოგჯერ, როგორც ჩანს, გამოურევს ხოლმე თავის ჩვეულ იუმორს (იცინის). თამაზს არ უყვარს ჩხუბი, არც არასდროს უყვარდა, დიპლომატიურად იცოდა პრობლემების მოგვარება. არა მგონია, პოლიტიკას შეეცვალოს, ალბათ, ემოციები გადასწონის ხოლმე – ეს მთის ხასიათია, რომელსაც ვერც წლები ცვლის და ვერც პოლიტიკა.

 

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

იტვირთბა....