დაკარგული მოზარდის, 16 წლის ნათია გურასპაშვილის ძებნა კვლავ მიმდინარეობს. როგორც „მეტრონომს“ ნათიას მამამ, გაბრიელ გურასპაშვილმა განუცხადა, ამ დრომდე გოგონას პოვნა ვერ ხერხდება.
ნათია სახლიდან ორი დღის წინ, 21 მაისს დილით 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ნათია სმენადაქვეითებულია და საუბარი უჭირს. როგორც მისი მშობელი ამბობს, მან მობილური ტელეფონიდან სიმ ბარათი ამოიღო და გადააგდო. ტელეფონი კი სახლში დატოვა.
„პოლიცია ჩართულია სამძებრო სამუშაოებში, მაგრამ ხელჩასაჭიდი ჯერ არაფერი ჩანს. პოლიციამ მისი მიმოწერებიც ამოიღო, თუმცა ვერაფერს მიაგნეს. ამოღებულია ასევე ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოდის სახლიდან და კვეთს გზას.
ცოტა ნერვიული ბავშვია, მაგრამ რის გამო წავიდა, არ ვიცი. არანაირი ვერსია არ მაქვს. მისი წასვლა სახლიდან არც ოჯახში მომხდარ კამათს უკავშირდება და არც ვინმესთან დაპირისპირებას. პირიქით, ოჯახში ყველა თბილად ექცეოდა.“– განაცხადა გაბრიელ გურასპიშვილმა.
როგორც მშობელი ამბობს, ეს გოგონას სახლიდან წასვლის პირველი შემთხვევა არ არის. ის წლების წინ სახლიდან წავიდა, თუმცა მეზობელ უბანში იყო გადასული და მისი პოვნა ოჯახმა დროულად შეძლო.
„მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ძებნა კვლავ მიმდინარეობს, 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
P.S. არასრულწლოვანი გოგონას სახელის, გვარის და ფოტოს გამოქვეყნება მის მშობელთან შეთანხმებით მოხდა.
„მეტრონომის“ რედაქცია იმედს იტოვებს, რომ ეს რაღაც დოზით დაეხმარება პოლიციას მოკლე დროში მოხდეს გოგონას პოვნა.