არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნები“ სოფელ კორცხელის 53-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი ორგანიზაციების წარმომადგენლები უშუალოდ შეესწრნენ ინცინდენტს.
“დაპირისპირებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიასაშუალების წარმომადგენლებს. ამ ეტაპისთვის პოლიცია იმყოფება საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით”.- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებიც“ . ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი შემთხვევები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.
“სამწუხაროა, რომ პოლიტიკური დაპირისპირებისთვის სპორტსმენების ფიზიკური ძალის გამოყენების სახიფათო პრაქტიკა კვლავ გრძელდება. მსგავსი ძალადობრივი ქმედება ეწინააღმდეგება დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ენმ-ის წევრებს – გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიას და პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და მორაგბეები რკინის ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს.