EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის, “А320”-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაცვლილია, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეკომპანია BBC ეგვიპტის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir-ის თვითმფრინავის ნამტვრევები და მგზავრთა პირადი ნივთები იპოვეს.
როგორც BBC იუწყება, თვითმფრინავის ნამტვრევები და მგზავრების ნივთები ალექსანდრიის სანაპიროდან 295 კილომტრში ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა იპოვეს. ამჟამად აღნიშნულ რაიონში მიმდინარეობს ავიალაინერის “შავი ყუთების” ძებნა.
შეგახსენებთ, რომ ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა და მასში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობდნენ. თვითმფრინავი “А320” რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, გუშინ, ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ რადარებიდან გაქრა. ბორტზე 66 ადამიანი – ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეგვიპტის 30, საფრანგეთის 15 და კიდევ 10 სახელმწიფოს მოქალაქე.