აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის მთავრობისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებისა და დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, შესაძლო მიყიდვა საგარეო სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის ფარგლებში შესრულდება. აღნიშნული შესყიდვისთვის, რომლის სავარაუდო ჯამური ღირებულებაც 621,9 მილიონი დოლარს შეადგენს, უკრაინა საფასურს დაფარავს ბელგიის, დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის მიერ JUMPSTART-ის პროგრამის ფარგლებში შეტანილი თანხით.
JUMPSTART (უკრაინის ერთობლივი მრავალეროვნული პროგრამა – მომსახურება, წვრთნა და მატერიალური საშუალებები დაჩქარებულ ვადებში) არის აშშ-ს საგარეო სამხედრო გაყიდვების მექანიზმი, რომელიც პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, გამოყონ უკრაინისთვის დაფინანსება აშშ-ს მიერ ადმინისტრირებული თავდაცვითი საშუალებების, მომსახურებისა და წვრთნის შესაძენად.

