აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ანდრეი სიბიგას განცხადებით, ლიბიის წყლებში ბენღაზის მახლობლად რუსულ სამხედრო და სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმა თავდაცვის ლეგიტიმური აქტია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, ლიბიის წყლებში ბენღაზის მახლობლად რუსულ სამხედრო და სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმა თავდაცვის ლეგიტიმური აქტია.

სიბიგას განცხადება მოჰყვა კრიტიკას, რომელიც ტრიპოლიდან უკრაინის მისამართით გაჟღერდა.

კერძოდ, ტრიპოლში მოქმედი გაერო-ს მიერ აღიარებულმა მთავრობამ უკრაინის სამხედრო ოპერაცია დაგმო, რომლის შედეგადაც რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა. განცხადების თანახმად, ლიბია არ დაუშვებს, რომ ის რუსეთ-უკრაინის ომში იქნას ჩათრეული.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსულ სამხედრო და სატვირთო გემებს სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდათ და წარმოადგენდნენ ვალიდურ სამიზნეს უკრაინისთვის, უკრაინის თავდაცვის უფლება კი გამყარებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლში.

„უკრაინა არავის არ ითრევს ომში და არც არსად გადააქვს ომი. უკრაინა პატივს სცემს ლიბიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის ქმედებები მიზნად ისახავს რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმასთან დაპირისპირებას და მიზნად არ ისახავს ლიბიის ან მისი ხალხის დაზარალებას“.-განაცხადა სიბიგამ.

ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას, უკრაინის მიერ ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტთან რუსულ გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან ორი ლიბიელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

„ლიბიის ეროვნული არმიის“ მთავარსარდლის მოადგილემ, სადამ ჰაფთარიმ განაცხადა, რომ არმია თავდასხმას „შესაფერის ადგილსა და დროს უპასუხებს“.

შეგახსენებთ, რომ ლიბია სამოქალაქო ომის შემდეგ ორ ნაწილად არის გაყოფილი. დასავლეთ ნაწილს ტრიპოლში მოქმედი გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობა მართავს, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილს „ლიბიის ეროვნული არმიის“ მთავარსარდალი, ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს.

იტვირთბა....