ვაშინგტონი „ტერიტორიების მშვიდობის სანაცვლოდ“ დათმობის მიდგომას დაუბრუნდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა იდეაზე, რომელიც ომის შეწყვეტაზე კრემლის დაინტერესებას ეკონომიკური თანამშრომლობის შეთავაზებით გულისხმობდა. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის მიდგომის ცვლილების შესახებ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა ევროპელ ოფიციალურ პირებს აცნობეს.
ბოლო თვეების განმავლობაში კუშნერი და უიტკოფი მოსკოვს თანამშრომლობის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდნენ, მათ შორის ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას რუსეთის ნავთობის სექტორში და ევროპისთვის მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას. თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება ამ შეთავაზებებს დადებითად შეხვდა, თუმცა დროთა განმავლობაში მათ მიმართ ინტერესი დაკარგა.
სტატიის მიხედვით, აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე რუსულმა მხარემ ეკონომიკური შეთანხმებების გაფორმებისადმი მცირე ინტერესი გამოავლინა და მიანიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ საკუთარი პოზიციის შერბილებისთვის მზად არ არის.
„ფაინენშალ თაიმსის“ წყაროების თქმით, მოსკოვი სავარაუდოდ იმედოვნებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს სანქციების შემსუბუქებას და უცხოურ კომპანიებს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. სტატიის მიხედვით, ამჟამად აშშ მოლაპარაკებების „უფრო ტრადიციულ“ მიდგომაზეა კონცენტრირებული, რომელიც ეფუძნება პრინციპს „ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ“.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი შეტევითი ოპერაციების შეწყვეტის სანაცვლოდ კვლავ მოითხოვს უკრაინისგან დონბასის მთელი ტერიტორიის დათმობას. კიევი ამ მოთხოვნას მიუღებლად მიიჩნევს.

