აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, კლასტერების გახსნამდე უკრაინაში ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეთანხმდეს – პეტერ მადიარი 

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, – ამის შესახებ  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელია ექვსი კლასტერის გახსნა.

მადიარის თქმით, უკრაინასა და მოლდოვასთან ოთხი კლასტერი უკვე გახსნილია, თუმცა სრულფასოვანი მოლაპარაკებების დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

მადიარის განცხადებით, უნგრეთმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ კლასტერების გახსნამდე უკრაინაში ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეთანხმებულიყო.

მისი თქმით, ახალი კანონის მიღებამ ნდობა გააძლიერა, თუმცა კლასტერების გახსნა უკრაინული მხარის მიერ დარჩენილ საკითხებზე გაცემულ დამაკმაყოფილებელ პასუხებზე იქნება დამოკიდებული.

„ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რომელიც რთულია და დაჩქარებული პროცედურა არ არსებობს“, – განაცხადა მადიარმა და აღნიშნა, რომ უკრაინამ უნგრეთთან ნდობა უნდა აღადგინოს.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარ კანონმდებლობას ევროპულ სტანდარტებს უახლოებს.

„ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება და, შესაძლოა, ეს იმაზე ადრეც გამოგვივიდეს, ვიდრე პეტერი ფიქრობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობებს ისტორიული საფუძველი აქვს, თუმცა წინა პოლიტიკური ელიტა სათანადო პატივისცემას არ იჩენდა.

„ძველი პოლიტიკური ელიტა პატივისცემას არ იჩენდა, ისინი მხოლოდ ხალხის წაქეზებით იყვნენ დაკავებული. ახლა ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ ურთიერთობები ავაშენოთ და იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხო უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიის საკითხსაც. მადიარის განცხადებით, უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება აქვს.

„უნგრეთისთვის სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა პატივია. ვისურვებდი, უნგრეთს ისეთი შესაძლებლობები ჰქონოდა, რომ გაერო-ს ხელმძღვანელობით განხორციელებულ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა შეძლებოდა“, – განაცხადა მადიარმა.

მისივე თქმით, უკრაინის აღდგენის პროცესში უნგრეთს ლოგისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს „კარპატების რვიანის“ ფორმატზე, რომელშიც უნგრეთი არ გაწევრიანებულა. მადიარის განმარტებით, ამ საკითხზე გაუგებრობა არსებობდა და შეხვედრაზე მიწვევა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ფორმატის წევრია. თუმცა, მისი თქმით, მომავალში თანამშრომლობის გაგრძელება შესაძლებელია.

„რაც უფრო მეტი ასეთი პარტნიორობა იქნება ევროპაში, მით უფრო აყვავებული და უსაფრთხო იქნება ევროპა თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „კარპატების რვიანის“ ფორმატი ბიზნესსექტორისთვის სასარგებლო იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ უნგრეთის დედაქალაქს ეწვიოს, თუ მიწვევას მიიღებს.

„მე რომ პრემიერ-მინისტრის ადგილას ვიყო, ბუდაპეშტში საკუთარ თავს მივიწვევდი, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ურთიერთპატივისცემა საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, მადიარმა უკრაინის პრეზიდენტს უნგრეთში ვიზიტის ოფიციალური მიწვევა გაუგზავნა.

ამასთან, მადიარის თქმით, უნგრეთი ომის დაწყებიდან უკრაინას მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, თუმცა, ქვეყნის ამჟამინდელი საბიუჯეტო მდგომარეობის გათვალისწინებით, მთავრობა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი უკრაინის დაფინანსებას პირდაპირ დაუკავშირდეს.

„ევროკავშირს შეუძლია ახალი პაკეტის შეთანხმება, როგორც აქამდე. ჩვენ გვსურს, გვქონდეს თავისუფლება, დავეხმაროთ უკრაინას იმ ფორმით, რა შესაძლებლობაც გვექნება. ამისთვის ვიბრძოლებთ“, – განაცხადა მადიარმა.

იტვირთბა....