აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოლდოვა საგზაო რუკის მომზადებას იწყებს, რათა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სექტორულ სანქციებს შეუერთდეს – „ნიუს მარკერი“ 

მოლდოვა იწყებს მზადებას, რომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის სექტორულ სანქციებს შეუერთდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუს მარკერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შესაბამისი საგზაო რუკის შემუშავება 2027 წლის იანვრის ბოლომდე იგეგმება.

დოკუმენტის მომზადების გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა სამეთვალყურეო საბჭომ, რომელსაც მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვასილე ტოფანი ხელმძღვანელობს.

საგზაო რუკამ უნდა უზრუნველყოს ნორმატიული ბაზისა და ეროვნული მექანიზმების შექმნა, რათა ქვეყანამ მომავალში შეძლოს, შეუერთდეს ევროკავშირის ორ ყველაზე რთულ სასანქციო რეჟიმს – რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სექტორულ შეზღუდვებს და ბელარუსის წინააღმდეგ მოქმედ სექტორულ და ინდივიდუალურ სანქციებს.

როგორც მედია წერს, დოკუმენტი დაეფუძნება შეზღუდვებთან შეერთების სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასებას. საგზაო რუკაში გათვალისწინებული იქნება შესაძლო უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებელი ზომები – განისაზღვრება მოწყვლადი ადგილები, ადაპტაციის შესაძლებლობები და ის სფეროები, რომლებიც სახელმწიფოს ჩარევას საჭიროებს.

პირველ რიგში, მოლდოვის ხელისუფლება გეგმავს კონსულტაციების გამართვას ეკონომიკის პროფილური დარგების წარმომადგენლებთან და ეკონომიკური ოპერატორებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას, რომლებშიც განმარტებული იქნება შეზღუდვების მოქმედების სფერო, დასაშვები გამონაკლისები და სანქციების რეჟიმის დაცვის პროცედურები.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში, მათ შორის 31-ე თავის – „საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა“ – შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, მოლდოვა ვალდებულია, ევროკავშირში გაწევრიანების მომენტისთვის მხარი დაუჭიროს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მიღებულ ყველა შემზღუდავ ზომას. აღნიშნული გულისხმობს არა მხოლოდ სანქციებისა და შეზღუდვების სრულად ამოქმედებას, არამედ მათი გვერდის ავლის თავიდან აცილებას.

იტვირთბა....