„ამ საქმეს ასდის პოლიტიკური ოპონენტების დევნის სუნი“- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. ამით ის ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა.
„ამ საქმეს ასდის პოლიტიკური ოპონენტების დევნის სუნი, რადგან არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა ეს ძალიან გავს იმ პროცესის დასაწყისს, რომელსაც ქვია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ საკუთარი დასასრულის განაჩენის გამოჭედვა. ფაქტობრივად, კაბელების საქმით, დღევანდელი ხელისუფლება იწყებს საკუთარი განაჩენის გამოჭედვას საქართველოს მოსახლეობის თვალში,” – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
ცნობისთვის, დღეს ხმაური მოჰყვა ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენის გამოცხადების პროცესს, რის გამოც სხდომა დაიხურა. ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუნიათიშვილმა დახურულ კარს მიღმა გამოაცხადა.
ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი იყო ბრალდებული. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.