ბელგიაში დაგეგმილი მკაცრი ეკონომიკური ზომებისა და საბიუჯეტო შემცირებების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
ბრიუსელში გამართულ დემონსტრაციაში, პოლიციის ინფორმაციით, დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვაც იყო, რის გამოც შეჩერდა საჰაერო მიმოსვლა, შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სასწავლო დაწესებულებებისა და სხვა საჯარო სამსახურების მუშაობა.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის მთავრობის გეგმებს აპროტესტებდნენ, რომელიც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯების ათ მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს. ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების შემცირებასა და პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას გადასახადის გაზრდას გეგმავს.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ დაწესებული საბიუჯეტო შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად მთავრობამ ათი მილიარდი ევრო უნდა დაზოგოს. გასულ წელს ბელგიის ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ს ხუთი პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც, ევროპული წესებით, დასაშვები მაქსიმალური მაჩვენებელი სამი პროცენტია. ბელგიის სახელმწიფო ვალი 735 მილიარდ ევროს აღემატება, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 110 პროცენტზე მეტია. ევროკავშირის წესებით კი, სახელმწიფო ვალის დასაშვები ზღვარი მშპ-ის 60 პროცენტია.

