საქართველოს მიერ ძებნილმა და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძე-რომანოვმა მოსკოვში ვრცელი ინტერვიუ მისცა პრორუსული მედიაპლატფორმის, „საქართველოს ტალღის“ წარმომადგენელს, ვალერი კვარაცხელიას.
6 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ფარცხალაძემ რუსეთში საქმიანობაზე, სანქციებზე, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებსა და ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.
ივანიშვილთან ამჟამინდელი ურთიერთობის შესახებ მან განაცხადა:
„ახლა, ამ სიტუაციაში აღარ მაქვს ურთიერთობა არანაირი. აქეთ ვარ მე და“.
ამასთან, ყოფილმა გენპროკურორმა ივანიშვილი დადებითად შეაფასა:
„ბატონ ბიძინაზე ვიტყვი, რომ პატრიოტი ადამიანია და ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, იმ დღეში რომ არ ვართ, როგორც უკრაინა, ქართველმა ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს.გარდა მაგისა, კიდევ ბევრი რამეა გაკეთებული… ძალიან რთულ პერიოდში მოჰყვა ახლა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, – თქვა ინტერვიუში ფარცხალაძემ.
საქართველოში მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით კი ფარცხალაძემ განაცხადა:
„მე არ მებრძვის კონკრეტულად ქართველი ვინმე ერთი ადამიანი. ისევ ისე, ის 9 წელი ვინც მოგვიტანა, ვინც მოიყვანა ეს ხალხი, და ვინც ქართველებს ტვინს ურეკაცს, ვინც დამასანქცირება. მათი ინტერესია, რაც მეტი პრობლემა შემექმნას, რათა გავჩუმდე“.

