უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ესპანეთისგან 437 მილიონი ევროს ოდენობის თავდაცვის ახალი პაკეტი მიიღო, ხოლო გერმანიისგან ზამთრის დახმარების პაკეტის მისაღებად ემზადება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მუშაობს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების, IRIS-T-ის სისტემებისა და F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის განკუთვნილი დახმარების მიწოდების დასაჩქარებლად.
მადრიდში ვიზიტისას უკრაინა პირველად იყო წარმოდგენილი იბერო-ამერიკულ სამიტზე. ზელენსკის თქმით, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა უშუალოდ მოისმინეს უკრაინის პოზიცია და გამოხატეს მხარდაჭერა, მათ შორის ქვეყნის ელექტროქსელის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად საჭირო აღჭურვილობით დახმარების კუთხით.
ზელენსკიმაღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გამართა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან – სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ასევე ისაუბრა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა გარკვეულწილად უკრაინის ყველა ელექტროსადგური დააზიანა და ამ ფონზე მან ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს ენერგოსისტემის აღსადგენად საჭირო აღჭურვილობის სწრაფად მიწოდების მხრივ დახმარება სთხოვა.
ზელენსკის თქმით, რუსეთი დრონებითა და რაკეტებით იმ ენერგეტიკულ აღჭურვილობასაც უტევს, რომელზეც უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მუშაობაა დამოკიდებული. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ტრანსფორმატორები, ძალოვანი კაბელები, ელექტროტექნიკური აღჭურვილობა, დიზელისა და გაზის გენერატორები.

