2 თვის წინ, ოკეანეში იახტით გაუჩინარებული 86 წლის მამაკაცი და ძაღლი იპოვეს – სამაშველო ოპერაციის რა დეტალები ხდება ცნობილი?
მწყობრიდან გამოსულ იახტაზე მყოფი 86 წლის მამაკაცი და მისი ძაღლი კალიფორნიის სანაპიროდან ასობით მილის მოშორებით იპოვეს და გადაარჩინეს. იახტა ღია ზღვაში ორ თვეზე მეტი ხნის წინ გაუჩინარდა.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მამაკაცი ასტორიიდან ამერიკულ სამოაში, კერძოდ, პაგო-პაგოში მიცურავდა. მასთან კავშირი 20 აგვისტოს შეწყდა.
24 ოქტომბერს ხელისუფლებას აცნობეს, რომ დაგეგმილ დროზე მამაკაცი დანიშნულების ადგილზე არ გამოჩნდა, რის შემდეგაც მისი და მისი იახტის “Willow Wind“ ძებნა დაიწყეს.
სამი დღის შემდეგ სანაპირო დაცვამ ნავიდან განგაშის სიგნალი მიიღო და ზონაში საძიებლად თვითმფრინავები და გემი გაგზავნა. დახმარებისთვის ასევე მახლობლად მყოფ ხომალდებსაც მიმართეს.
სანაპირო დაცვის საჰაერო ეკიპაჟმა “Willow Wind“ იმავე საღამოს, სან-დიეგოდან დაახლოებით 460 მილის მოშორებით შენიშნა.
სავაჭრო გემი “Grand Orion“ იახტას მეორე დღეს, დილით ადრე მიუახლოვდა, თუმცა ღელვის გამო თავდაპირველად მამაკაცისა და მისი ძაღლის გადარჩენა ვერ შეძლეს, ეს ძალზე საშიში იყო. იხტაზე მყოფების სავაჭრო ხომალდზე დღის მეორე ნახევარში აიყვანეს, თავად “Willow Wind“ აფრები ჰქონდა დაზიანებული და იგი ზღვაში მიატოვეს.
მომდევნო დილით სანაპირო დაცვის ვერტმფრენის ეკიპაჟმა მამაკაცი და მისი ძაღლი სან-დიეგოში გადაიყვანეს, სადაც მამაკაცი დამატებითი გამოკვლევებისთვის ჰოსპიტალში მოათავსეს. სანაპირო დაცვას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

