ევროპის ქვეყნებში თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებების ახალი ტალღა დაფიქსირდა, რამაც ავიამიმოსვლა შეაფერხა. როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, მიმდინარე კვირაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში მყოფ ოთხ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა, თუმცა ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა. ამჟამად სპეციალისტები თითოეულ მათგანს ამოწმებენ.
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, ავიაკომპანია „ვიზეარის“ თვითმფრინავი, რომელიც პრაღიდან რომში ასრულებდა რეისს, ვენეციის აეროპორტში გადაამისამართეს.
ამასთან, პორტუგალიის პოლიციის ინფორმაციით, ბომბის შესახებ ანონიმური შეტყობინების მიღების შემდეგ, სამართალდამცველებმა რომიდან ლისაბონში ჩაფრენილი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავი შეამოწმეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩენილა.
ამასთან, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო ირლანდიური მედიაჯგუფების, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის RTÉ-ის ოფისებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. RTÉ-ის რადიოს ჟურნალისტის ინფორმაციით, მაუწყებელმა მუქარის შემცველი ელექტრონული წერილი დილის 9 საათისთვის მიიღო. წერილში ნათქვამი იყო, რომ 45 წუთში ბომბი აფეთქდებოდა.
მსგავსი შეტყობინება მიიღო მედიაკომპანია „სქაი ნიუსმაც“
„დღეს „სქაი“ ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე მედიაორგანიზაციას შორის, რომლებმაც უსაფრთხოების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღეს. ჩვენ ჩავატარეთ უსაფრთხოების შეფასება და მომხდარის შესახებ შესაბამის უწყებებს ვაცნობეთ. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი თანამშრომლები და საქმიანობა დაცულია. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ იქნება“, – განაცხადეს “სქაი ნიუსში”
ევროპის აეროპორტებში ბოლო დღეებში გავრცელებულ ცრუ შეტყობინებებს, რომლებმაც თვითმფრინავების საგანგებო დაშვება და აეროპორტებში უსაფრთხოების ზომების გააქტიურება გამოიწვია, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა, „ფსიქოლოგიური ომისა და ჰიბრიდული აგრესიის მიზანმიმართული აქტი“ უწოდა.
როგორც ალბარესმა განაცხადა, ინციდენტების უკან მდგომი პირების იდენტიფიცირებას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს, თუმცა ევროპაში ერთნაირი მეთოდით განხორციელებული ამდენი შემთხვევა დამთხვევა ვერ იქნება.
„ყველაზე ლოგიკური დასკვნაა, რომ საქმე გვაქვს ჰიბრიდული აგრესიისა და ფსიქოლოგიური ომის მცდელობასთან. ბოლო დღეებში ევროპაში არაერთი მსგავსი შემთხვევა ვიხილეთ. მსოფლიოში არსებობენ აქტორები, რომლებიც ამგვარი მეთოდებით მოქმედებენ, რათა ევროპა დაასუსტონ“, – განაცხადა ალბარესმა.

