აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შიკორსკიმ უკრაინაზე მოლაპარაკებებში აღმოსავლეთ ევროპის ჩართვაც მოითხოვა

პოლონეთმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ჩართონ და მათი უსაფრთხოების ინტერესები გაითვალისწინონ.

ვარშავა ასევე ეწინააღმდეგება ევროპაში რუსული გაზის მიწოდების აღდგენას და მიიჩნევს, რომ ეს მოსკოვს ევროპაზე ზეწოლის ბერკეტს დაუბრუნებს.

“ყველაზე ნაკლებად ის გვინდა, რომ დასავლეთ ევროპა რუსეთს აღმოსავლეთ ევროპელების ზურგს უკან მოელაპარაკოს. ამ მოლაპარაკებებს აღმოსავლეთ ევროპასა და სკანდინავიას ვერ ჩამოაშორებთ. ჩვენ დაახლოებით 120 მილიონი ადამიანი ვართ. ფინეთს რუსეთთან აქვს საზღვარი, ნორვეგიასაც, ბალტიის ქვეყნებსაც, პოლონეთი კი რუსეთსაც ესაზღვრება და უკრაინასაც.” – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ 5 ნოემბერს ვარშავაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

შიკორსკი ასევე დაეთანხმა იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯა მელონის, რომელმაც მოლაპარაკებებზე ევროპის სახელით ერთიანი წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვა.

იმავე შეხვედრაზე პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, ფრთხილად შეაფასონ ვლადიმირ პუტინის განზრახვები და რეალისტური მოლოდინი ჰქონდეთ აშშ-ს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ზამთარში პუტინს შეთანხმებაზე წასვლის ნაკლები სტიმული შეიძლება ჰქონდეს, ხოლო ამ ფონზე რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განაგრძობს.

ტუსკის თქმით, პოლონეთისა და მოკავშირეების წყაროები რუსეთისგან მომდინარე საფრთხის ზრდას ელიან, პირველ სამიზნეებად კი ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს მიიჩნევენ. ცნობისთვის, ამ კვირაში პოლონეთმა კალინინგრადის ოლქთან საზღვარზე შესაძლო საბოტაჟის აღსაკვეთად ოპერაცია დაიწყო.


ამას გარდა, პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა მილოშ მოტიკამ ევროპაში რუსული გაზის მიწოდების აღდგენის იდეას “აბსურდული” უწოდა. მისი შეფასებით, ეს ევროპას კვლავ მოწყვლადს გახდის პუტინის შანტაჟის მიმართ, აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დააზიანებს.

მანამდე გამოცემა The Wall Street Journal წერდა, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების აღდგენის იდეა წამოაყენეს.


უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ს სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ტექნიკურ დონეზე 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში იგეგმება. მანამდე, 5 ნოემბერს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდა. შეხვედრის შინაარსი ტრამპს არ გაუმხელია, თუმცა თქვა, რომ პოტენციური შეთანხმება მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და შესაძლოა, მთელი ევროპაც მოიცვას.

იტვირთბა....