ლიონში სტუდენტების საპროტესტო აქცია გრძელდება. რონის დეპარტამენტის პრეფექტურის ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ინციდენტის გამო, შეფერხებულია 16 საშუალო სკოლისა და სამი უმაღლესი სასწავლებლის მუშაობა.
პრეფექტურის ცნობით, სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სხვადასხვა საგნის სროლა, მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება და ცეცხლის გაჩენა.
ლიონის მეექვსე რაიონის მერმა, სამუელ სულიემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ედუარ-ერიოს სახელობის ლიცეუმის შესასვლელი ჭიშკარი იწვის.
„ერიოს ლიცეუმი იწვის, შენობაში კი მოსწავლეები არიან, ზოგიერთი კი ამ ყველაფერს ზეიმობს. არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი უდიდესი აღშფოთება“, – წერს სულიე.
ცნობისთვის, გუშინ საპროტესტო მსვლელობები საფრანგეთის 73 ქალაქში გაიმართა. პროფკავშირების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 1.6 მილიონი ადამიანი გამოვიდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გუშინ ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს 448 ადამიანი დააკავეს. დაშავდა 53 სამართალდამცავი. მოქალაქეები ხელფასების ზრდას, ცხოვრების ხარჯების შემცირებასა და საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

