„ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის,“ ანუ TRIPP-ის პროექტი ირანისთვის „წითელ ხაზად“ რჩება. ამის შესახებ ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აქბარ-ველაიათიმ სომხეთი პირდაპირ გააფრთხილა, რასაც გაზეთი, Ettelaat ავრცელებს.
მისი თქმით, ირანი ამ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება და სომხეთმა ისლამური რესპუბლიკის პოზიცია იცის.
„მე პირდაპირ ვუთხარი სომხეთის ელჩს: თუ ტრამპი და მისი მოკავშირეები ირანისთვის ამ „წითელი ხაზის“ გადალახვას შეეცდებიან, ჩვენ მათ ფეხებს მოვამტვრევთ,“ – ამბობს ველაიათი.
მას გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის პოზიცია მოჰყავს, რომელიც რუსეთისა და თურქეთის ლიდერებთან შეხვედრებზე ამბობდა, რომ ირანი „ზანგეზურის დერეფნის“ შექმნას ეწინააღმდეგება. ველაიათი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ალი ხამენეის მიმართულებები საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით „ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის წითელი ხაზია.“
ის აკრიტიკებს სომხეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ოქტომბრის ბოლოს “ტრამპის მარშრუტის” პროექტზე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ალი აქბარ-ველაიათის პოზიციაზე ოფიციალურ ერევანს პირდაპირი განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანმა 5 ნოემბერს მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებს „ზანგეზურის დერეფნის“ პერსპექტივები წარუდგინა. მეტიც, მისი თქმით, სომხეთმა TRIPP-ის პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მისი სრული გამოყენება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს.
„პროექტზე საუბრისას ვგულისხმობთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურას და, პირველ რიგში, რკინიგზას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს. მხარეები, ასევე, დაინტერესებული არიან მომავალში გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა შესაძლო ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნით,” – ამბობს მირზოიანი.
დიპლომატი განმარტავს, რომ პროექტის განხორციელება სომხეთს საშუალებას მისცემს, სარკინიგზო კავშირი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაამყაროს. კერძოდ, ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით ერთმანეთს ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი დაუკავშირდება. ასევე, ერევანი სარკინიგზო ვაჭრობის განხორციელებას ბაქოსთან შეძლებს და მესამე ქვეყნების საქონელზე წვდომას მიიღებს, ხოლო თავის პროდუქციას ამ ქვეყნების ბაზრებზე გაყიდის.
“იგივე შესაძლებლობები ექნება აზერბაიჯანსაც: ის ნახიჩევანთან ქვეყნის ძირითადი ტერიტორიის დაკავშირებას, ასევე, სომხეთთან და მესამე ქვეყნებთან კომუნიკაციების დამყარებას შეძლებს, რაც სომხეთს უზარმაზარ ეკონომიკურ პერსპექტივას გაუხსნის,” – ამბობს მირზოიანი.
ცნობისთვის: TRIPP-ის პროექტი სომხეთის ინფრასტრუქტურიდან ნრნაძორ-ყარჩევანის რკინიგზას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და გზას მოიცავს. ამასთან, TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებულ მონაკვეთებზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ურიგოდ მოხდება. ერევანი, ასევე, „ტრამპის მარშრუტის“ კომპანიის შექმნას არ დაელოდება და სიუნიქში ელექტროგადამცემი ხაზების, გზებისა და რკინიგზის პროექტირებას სასხელმწიფო ბიუჯეტით დაიწყებს.
ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნარეკ მკრტჩიანმა განაცხადა, რომ ამჟამად TRIPP-ის სომხურ მონაკვეთზე მიმდინარეობს კვლევა, რომლის დასრულებაც მომდევნო ერთ ან ორ თვეში არის მოსალოდნელი, რის შემდეგაც “რეალური პროგრესი უკვე 2027 წლის დასაწყისში” დადგება.
კერძოდ, ელჩის ცნობით, კვლევის დაკვეთას ამერიკული კომპანია, AECOM ასრულებს და მისი შედეგები მალე გახდება ცნობილი, ხოლო შეფასების შემდეგ პრაქტიკული სამუშაოები დაიწყება. მანამდე ყველა ფორმალობა, როგორიც, მაგალითად, TRIPP Development Company-ის ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებში რეგისტრაციაა, ასევე, სხვა დეტალებზე ყველა ეტაპი უკვე დასრულებულია.
ამერიკულმა საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM-ის წარმომადგენლებმა სომხეთში TRIPP-ის ტერიტორიის შესწავლა მაისში დაიწყეს. AECOM-ის გუნდი ერევანში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პარტნიორობის ფონდის სახელით ჩავიდა. ამერიკელების ცნობით, სომხური მონაკვეთის მშენებლობა ან მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. იქ მარშრუტი მხოლოდ 42 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ანუ აზერბაიჯანული მონაკვეთი 194 კილომეტრ სიგრძისაა.
სექტემბრის ბოლოს ვაშინგტონმა ტრანსკასპიურ საწარმოთა ფონდის (Trans-Caspian Enterprise Fund) შექმნა გამოაცხადა. ეს ოფიციალური იურიდიული სახელწოდებაა იმ სტრუქტურის, რომელიც უფრო TRIPP+-ის სახელით არის ცნობილი. TRIPP+-ის, ანუ Tripp+Enterprises-ის ფონდის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ჩიკაგოში მოღვაწე და რუსეთში დაბადებული კერძო კაპიტალის ინვესტორი, კონსტანტინ სოკოლოვია. ფონდმა სახელი Trump Path Project-იდან, ანუ TRIPP-იდან მიიღო.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 201 მლნ დოლარის ფონდი უფლებამოსილია, სესხები, სააქციო კაპიტალის ინვესტიციები და გრანტები გასცეს, რომ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში კერძო სექტორის სტრატეგიულ განვითარებას ხელი შეუწყოს.
უკვე არსებობს მინიშნებები, რომ კონსტანტინ სოკოლოვის ფონდის დაფინანსება გაიზრდება. კერძოდ, აპრილში სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყებამ ფონდ Tripp+-ისთვის დამატებით 400 მლნ დოლარის გამოყოფა უკვე უზრუნველყო.

