CNN-ის ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კერძო კომპანიებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილები გაუგზავნა. კომიტეტი მათგან დოკუმენტების შენახვას ითხოვს იმ საგამოძიებო პროცესების მოლოდინში, რომლებიც კონგრესის მომავალ სესიაზე იგეგმება.
ამის შესახებ CNN-ს დემოკრატი სენატორის თანაშემწემ განუცხადა. როგორც CNN აღნიშნავს, ეს ნაბიჯი ნაწილია იმ ფართომასშტაბიანი საპარლამენტო კონტროლისა, რომელსაც დემოკრატები კონგრესში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, 2027 წლის იანვრიდან გეგმავენ. წერილები გაეგზავნა ილონ მასკსაც, უკრაინაში სისტემა Starshield-ის მუშაობის შენელების საკითხთან დაკავშირებით.
კომიტეტის მრჩევლის განცხადებით, წერილები ასევე დაეგზავნა ყველა იმ პორტს, ბანკსა და კერძო სუბიექტს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ რუსული დიზელის მიწოდების გარიგებაში. მან დასძინა, რომ კანონდარღვევაში ან „გარკვეულ ქმედებებში მონაწილეობაში“ ეჭვმიტანილი პირებისთვის დოკუმენტების შენახვის მოთხოვნით წერილების გაგზავნა კომიტეტის სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს.
მოსალოდნელია, რომ იანვარში, როდესაც დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, ისინი აქტიურ ძალისხმევას მიმართავენ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო ორი წლის საქმიანობის გამოსაძიებლად.
ილონ მასკმა უკრაინისთვის თანამგზავრული კავშირი 2026 წლის ოქტომბერში შეზღუდა. სისტემას დაუწესდა სიჩქარის ლიმიტი – საათში 160 კმ/სთ-მდე, რამაც უკრაინულ დრონებს ფრონტის ხაზზე მოქმედების სივრცე შეუზღუდა. შეზღუდვა დაახლოებით 1 კვირა მოქმედებდა

