გამოცემა The Guardian რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წელს რუსეთი ირანისთვის მართვადი რაკეტების გამშვები დანადგარების მიწოდებაზე შეთანხმდა.
დოკუმენტები უკრაინულმა კერძო სადაზვერვო კომპანიამ Dallas Analytics მოიპოვა და გამოცემას გადასცა. მათში შეკვეთა დასტურდება, თუმცა უცნობია, მოხდა თუ არა საბოლოოდ აღნიშნული მოწყობილობების ირანისთვის მიწოდება. Guardian-ის მიხედვით, ირანული რეჟიმისთვის ამ დანადგარების მიწოდება 2024 წლის ბოლოდან 2025 წლის დეკემბრამდე იყო დაგეგმილი.
რუსული მწარმოებელ Vympel-ის 2024 წლის მაისის საწარმოო გრაფიკში 90 გამშვები დანადგარის შეკვეთა საექსპორტო კონტრაქტის კოდით “K-10” არის აღრიცხული. გამოცემა აღნიშნავს, რომ სხვა შიდა დოკუმენტში ამავე კოდით ირანია მითითებული.
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, შეკვეთა ეხებოდა APU-L ტიპის გამშვებ დანადგარებს, რომლებიც ძირითადად Mi-28 ტიპის შვეულმფრენებზე მონტაჟდება და თითოეულზე ორი LMUR-ის ტიპის მართვადი რაკეტის დამაგრებაა შესაძლებელი. დოკუმენტებიდან არ ჩანს, ითვალისწინებდა თუ არა ეს შეკვეთა უშუალოდ რაკეტების მიწოდებასაც.
რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო თანამშრომლობა 2022 წლის შემდეგ გაღრმავდა, რის ფარგლებშიც თეირანმა მოსკოვს “შაჰედის” ტიპის მოიერიშე დრონები მიაწოდა, რომელთა წარმოებაც მოგვიანებით თავად რუსეთმაც დაიწყო.
2025 წელს ქვეყნებმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, რომელიც საერთო საფრთხეებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს, თუმცა, ურთიერთთავდაცვის ვალდებულებას არ მოიცავს.

