აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ოპონენტის განადგურებას პოლიტიკური თეატრით ცდილობენ, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არ გამოუვიდათ და ჩემ წინააღმდეგაც არ გამოვა, ამაში შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ – პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ირანთან ომი „გაბედულ და ისტორიულ“ ნაბიჯად შეაფასა.

ჰეგსეტი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „სამარცხვინო სპექტაკლია“.

„მათი პოლიტიკა არ მუშაობს, ამიტომ ოპონენტის განადგურებას პოლიტიკური თეატრით ცდილობენ. ეს პირადი განადგურების პოლიტიკაა. პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არ გამოუვიდათ და ჩემ წინააღმდეგაც არ გამოვა. ამაში შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ“, – აღნიშნა პიტ ჰეგსეტმა.

მისივე თქმით, თავდაცვის უწყებას იმიტომ ესხმიან თავს, რომ ის ეფექტიანია.

„თავს გვესხმიან, რადგან ეფექტიანები ვართ. ეს არ იმუშავებს. უკან არ დავიხევთ. ეს ბრძოლა კი ხელისუფლებიდან წასვლის პირას მყოფი კონგრესის სესიაზეც გაგრძელდება“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა.

ირანთან ომზე საუბრისას ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ეს ომი უზრუნველყოფს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს.

მისივე თქმით, სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად დამატებითი დაფინანსებაა საჭირო. ჰეგსეტმა კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს, სულ მცირე, 350 მილიარდი დოლარის მოცულობის საბიუჯეტო კანონპროექტს.

ცნობისთვის, როგორც „როიტერი“ წერს, კონგრესში პიტ ჰეგსეტის მიმართ ოპონენტების კრიტიკა გამწვავდა. პენტაგონის განცხადებით, ჰეგსეტი „100-პროცენტით მზადაა“, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უხელმძღვანელოს უწყებას.

იტვირთბა....