აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუსეთის რიაზანის ოლქში მდებარე Rosneft-ის კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები საწარმოს სამრეწველო ზონამდე მივიდნენ, რასაც აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა, ძლიერი ნათება და ობიექტის ტერიტორიიდან ამომავალი კვამლი.

რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა, რეგიონზე მასშტაბური დრონებით თავდასხმა დაადასტურა. მისი განცხადებით, უპილოტო აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამრეწველო ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ კი ქალაქის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხა.

აღსანიშნავია, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინული დრონების არაერთი იერიშის სამიზნე გახდა. Reuters-ის ცნობით, 15 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ საწარმომ ნავთობის პირველადი გადამუშავების ერთ-ერთი ძირითადი დანადგარის მუშაობა დროებით შეაჩერა.

ამ დროისთვის ქარხნისთვის მიყენებული ზიანის სრული მასშტაბი ოფიციალურად დაზუსტებული არ არის.

იტვირთბა....