მარკო რუბიომ უარყო ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას გეგმავს და თქვა, რომ არ იცის, „საიდან მოდის ეს ხმები“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ნიუ იორკ თაიმსთან” ინტერვიუში განაცხადა.
რუბიოს განცხადება მედიაში გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტრამპის ადმინისტრაციიდან წასვლის შესაძლებლობას განიხილავს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება შეძლოს.
„ჩემი გეგმა ყოველთვის იყო, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში მისი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე მემუშავა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ხმები“, – განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს.
„გარდა ამისა, ყოველთვის მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ თანამდებობის დატოვებას ვაპირებ. ვეკითხები: კონკრეტულად რომელი თანამდებობის?” – აღნიშნა რუბიომ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რუბიომ პასუხისგან თავი შეიკავა.
„2028 წელზე აღარაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ამ თემაზე საუბარს აღარ ვაპირებ“, – აღნიშნა რუბიომ.

