უკრაინა კონცერტებსა და დაწესებულებებში რუსულენოვანი სიმღერების შესრულების აკრძალვას აპირებს
ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენის დაცვის რწმუნებულმა ოლენა ივანოვსკამ განაცხადა. „კულტურის შესახებ“ ამჟამად მოქმედი კანონი რუსულენოვანი კულტურული პროდუქციის საჯაროდ შესრულებასა და ჩვენებას მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს უკრძალავს. შესაბამისად, უკრაინელ შემსრულებლებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს კონცერტებზე შეუძლიათ რუსულ ენაზე სიმღერების შესრულება, მუსიკალური კლიპების ჩვენება და საჯარო სივრცეებში მათი კონტენტის გავრცელება. ივანოვსკას თქმით, იგეგმება ამ შეზღუდვების ყველა შემსრულებელზე გავრცელება, მათი ეროვნების მიუხედავად
შეზღუდვები შეეხება რუსულენოვანი კულტურული პროდუქციის საჯაროდ გავრცელებას კონცერტებზე, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებსა და მასობრივ ღონისძიებებზე. ასევე, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ დაწესებულებების მფლობელებს, რომლებიც საკუთარ შენობებში ასეთი კონტენტის გავრცელების უფლებას მისცემენ. ეს, კერძოდ, ეხება საკონცერტო დარბაზებს, რესტორნებსა და კაფეებს

