ყოველწლიური კვლევის, British Social Attitudes-ის თანახმად, ბრიტანელების 74% მიიჩნევს, რომ აშშ მსოფლიო მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება 2024 წლის მონაცემს, როდესაც იმავე მოსაზრებას გამოკითხულთა 36% იზიარებდა.
კვლევის თანახმად, ჩინეთს მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხედ ბრიტანელების 62% მიიჩნევს, რუსეთს კი – 89%.
ამასთან, მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხედ გამოკითხულთა 78% ისრაელს, ხოლო 75% ირანს აღიქვამს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბრიტანელების 42% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დასავლეთ ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები უკეთ ემსახურება. აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებას კი უპირატესობას მხოლოდ 9% ანიჭებს.
კითხვაზე, რომელი მიმართულება შეესაბამება უკეთ დიდი ბრიტანეთის სამხედრო და თავდაცვის ინტერესებს, გამოკითხულთა 37%-მა დასავლეთ ევროპა დაასახელა, 14%-მა – აშშ, ხოლო 39%-ის აზრით, ორივე მიმართულებას თანაბარი მნიშვნელობა აქვს.
ამასთან, გამოკითხულთა 56% მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯების გაზრდას.
ანგარიშის ავტორის, სოფია გასტონის შეფასებით, ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში „ფსიქოლოგიური ცვლილება“ მოხდა, რაც, მისი თქმით, ევროპაში ომმა, ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობამ, ჩინეთთან სტრატეგიულმა კონკურენციამ და აშშ-ის ლიდერობის მიმართ გაჩენილმა ეჭვებმა განაპირობა.

