ვინ მფარველობდა უკრაინაში “თაღლითურ ქოლ-ცენტრებს”, კონტრაბანდულ სიგარეტს და ნარკორეალიზაციას? – ოპერაცია “კართაგენის” ფარგლებში გამოვლინილია კრიმინალური ორგანიზაციის წევრების და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების ვინაობა, ვინც დიდი ქრთამის სანაცვლოდ დანაშაულს ხელს აფარებდა.
დაკავებულებს შორის არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე. გამოძიების ვერსიით ამავე სქემაში “კრიმინალური სამყაროს” წევრებთან ერთად ჩართული იყვნენ ეროვნული პოლიციის და გენერალური პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსნები.
გამოძიების ვერსიით, ორგანიზაციის ცენტრალური ფიგურაა ანდრეი ოსიპოვი, მეტსახელად “კრიმინალი”. ის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ადრე დააკავეს. ოსიპოვი სამართალდამცავებთან კავშირებს უკანონო ბიზნესის დასაცავად იყენებდა.
კიდევ ერთი მთავარი ფიგურანტია “მექსიკელი”, ნარკოკარტელ “ხიმპრომის” ხელმძღვანელი. ანტიკორუფციული ორგანოების თქმით, კარტელმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც განაგრძო საქმიანობა უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ. “კრიმინალის” დავალებებს ასრულებდნენ პირები მეტსახელებით “ბოქსიორი” და “პაშა”.

