აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სერბეთში დემონსტრანტებზე ძალადობის ბრალდებით 9 მოქმედი და 1 ყოფილი პოლიციელი დააკავეს

სერბეთში, გასულ წელს გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისა და წამების ბრალდებით 10 პოლიციელი დააკავეს. დაკავებულებს შორის ცხრა მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია.

ინფორმაციას Reuters სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაკავებულები პოლიციის ელიტურ დანაყოფში მსახურობდნენ. მათ ბრალად ედებათ 2025 წლის 14-15 აგვისტოს, ბელგრადის ცენტრში მდებარე მთავრობის შენობის ავტოფარეხში რამდენიმე პირის წამება და დაშინება.

უწყების განცხადებით, ეჭვმიტანილები დაკავებულებს ძალისა და მუქარის გამოყენებით ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას აყენებდნენ. გამოძიების ვერსიით, მათი მიზანი ინფორმაციის მოპოვება, დაკავებულების დაშინება და უკანონო დასჯა იყო.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს სერბეთში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პირველი მნიშვნელოვანი დაკავებებია.

სერბეთში ანტიკორუფციული საპროტესტო მოძრაობა 2024 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის განახლებული შენობის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევისა და 16 ადამიანის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯასა და კორუფციასთან ეფექტიან ბრძოლას მოითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლები 2025 და 2026 წლებშიც გაგრძელდა.

იტვირთბა....