აშშ-ს პირველი ლედის ოფისის განცხადებით, მელანია ტრამპი თეთრ სახლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს პირადად შეახვედრებს.
“პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრ სახლში პირადად შეახვედრებს ერთმანეთს რუსეთისა და უკრაინის – ორ საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს – წარმომადგენლებს. ეს მოვლენა გამორჩეული მომენტია ამერიკის ისტორიაში”. – ნათქვამია განცხადებაში.
პირველი ლედის ოფისის ცნობით, 5 ნოემბერს მელანია ტრამპი ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სიტყვით გამოვა.
“მელანია ტრამპმა დამოუკიდებლად წამოიწყო დიალოგი ორ მეომარ ქვეყანას შორის და წარმატებით მიაღწია ცეცხლის შეწყვეტას ოლეშკისა და მის მიმდებარე ხერსონის რეგიონში. ეს მიღწევა ამერიკის პირველი ლედის უპრეცედენტო დიპლომატიური ინიციატივაა”. – აღნიშნულია პირველი ლედის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი ოლღას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
დოკუმენტის თანახმად, მელანია ტრამპს ჯილდო უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, აქტიური უფლებადამცველობითი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის გადაეცა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მისი საქმიანობა მიმართულია უკრაინელი ბავშვების გადარჩენისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკანონოდ დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების დახმარებისკენ.
23 ოქტომბერს აშშ-ს პირველი ლედის ოფისმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ოკუპირებულ ოლეშკიში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია.
ოლეშკი რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვლიდან არის ოკუპირებული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 24 000-დან 2 000-მდე შემცირდა.
25 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ხალხი შიმშილობს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკიდან ევაკუირებულმა მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს, 19-საათიანი მგზავრობის შემდეგ, უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიას მიაღწიეს. ისინი ქვეყანაში ბელარუსის საზღვრიდან შევიდნენ.
მოქალაქეებს, რომლებიც თვეების განმავლობაში გაუარესებული ჰუმანიტარული პირობების გამო ქალაქში იყვნენ ჩარჩენილი, საზღვართან ნათესავები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიცია დახვდნენ.

