ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წელს გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ პირადი მიზნების მისაღწევად საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 15 პროცენტული პუნქტით, 2013 წელთან შედარებით კი 28 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

კერძოდ, კითხვაზე, „რამდენად გავრცელებულია ან რამდენად არ არის გავრცელებული საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად?”, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ გავრცელებულია (15% – ძალიან გავრცელებულია, 25% – უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული), 11% კი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა გავრცელებული არ არის (6% – უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია, 5% – საერთოდ არ არის გავრცელებული). 2015 წელს ამავე კითხვაზე 25% პასუხობდა, რომ ეს პრობლემა გავრცელებულია (4% – ძალიან გავრცელებულია, 21% – უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული), 17% კი ფიქრობდა, რომ გავრცელებული  არ არის (11% – უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია, 6% – საერთოდ არ არის გავრცელებული).  2013 წელს ანალოგიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 12%-ს (3% – ძალიან გავრცელებულია, 9% – უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული) და 33%-ს (17% – უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია, 16% – საერთოდ არ არის გავრცელებული) შეადგენდა.

განსხვავებული მდგომარეობაა დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) კუთხით. კვლევის თანახმად, კითხვაზე, “ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუთხოვიათ თუ არა თქვენგან ქრთამი, იქნებოდა ეს ფულადი თუ არაფულადი, სახელმწიფო მომსახურებისთვის?”, რესპონდენტთა 99% პასუხობს, რომ მათგან ქრთამი არ მოუთხოვიათ. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 99%-ს, 2013 წელს კი 95%-ს შეადგენდა. კვლევის ასეთი შედეგი მიუთითებს, რომ საქართველოში დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) პრობლემა კვლავაც არ დგას.

ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწის საჭიროებაზე მიუთითებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ 2015 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევაც, რომელიც ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების პრაქტიკაში შესრულებას ეხებოდა.

კვლევის თანახმად, საჯარო უწყებების შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია და რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების ეფექტიანად პრევენციას. აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით და პოლიტიკური დამოუკიდებლობით იქნება აღჭურვილი. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პარლამენტში წარდგენილი აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2016 წლის  16-28 მარტის პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა. გამოკითხვაში 2032 ადამიანი მონაწილეობდა და ცდომილების საშუალო ზღვარი 3,2%-ია.

 

 

იტვირთბა....