პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით დიდი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც თითო ლარი მაინც გადაურიცხა შორენა ბეგაშვილს ევას სამკურნალოდ.. პოსტშივე მადლობა გადაუხადა კონკრეტულად შოთი არველაძეს და ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც, მამულიჩას თქმით, შორენას 10,000 დოლარი გადაურიცხა.
„ჯანმრთელობის სამინისტროს – 10 000 დ… მადლობა
შოთა არველაძეს მადლობა…
ყველა ადამიანს ვინც გვეხმარება რითაც შეუძლია … მადლობა“-წერს კახა მამულაშვილი.
შორენა ბეგაშვილის მეგობარი სალომე გველესიანი სოციალურ ქსელში კი ევას მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას წერს:
„მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ ბავშვის ამბავი. ევა დღეს გამთენიისას გადაიყვანეს თურქეთში. ადმინისტრაცია დაგვთანხმდა, ოპერაცია დაინიშნოს ისე, რომ თანხა მთლიანად არ იყოს დაფარული, მაგრამ ამასობაში ოპერაციისთვის საჭირო ფულის რაოდენობას, მგონი, თავს ვუყრით“, – წერს სალომე.
მისი ინფორმაციით, ხერხემლის ოპერაცია 35 000 დოლარი ჯდება და მოტეხილობების – 15 000 დოლარი.
„რაღაცები შორენამ გაყიდა, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა, ზოგი საჯაროდ, ზოგიც ჩუმად. ყოველ წუთს მოდიოდა ჩარიცხვის SMS-ები, ზოგიერთი ლარს და ორ ლარს რიცხავს და ეს საოცრად გულისამაჩუყებელია. დიდი მადლობა ყველას ამისთვის. მაგრამ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ყველაზე ძვირი არა ოპერაცია, არამედ იქ გატარებული თითოეული დღეა. 580 დოლარია თითო დღე ჰოსპიტალში და რამდენი ხანი დასჭირდება იქ ყოფნას – ამის თქმას ჯერ ვერავინ ახერხებს. გთხოვთ, ისე გავაგრძელოთ, როგორც დავიწყეთ“, – წერს სალომე გველესიანი.