„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ მმართველი პარტიის ლიდერ ირაკლი სესიაშვილთან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრაციას მხარს არ დაუჭერს. მმართველი ძალის ერთ-ერთი ლიდერის მთავარი არგუმენტი რუსეთიდან მომავალი საფრთხე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და მათი აღიარების საკითხი იყო. „NATO-ში შესვლას ამ მოცემულობით მხარს არ ვუჭერ იმიტომ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავინ მიგვიღებს ჩვენ ამ პრობლემებიანად, თუ უარს არ ვიტყვით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანუ სამაჩაბლოს დაბრუნებაზე. ამერიკის ელჩი NATO-ში ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში არ იგეგმება NATO-ს გაფართოება. თუ ვიცით, რომ არ მოხდება, რა გვინდა ახლა ჩვენ? თუ მოვითხოვთ NATO-სგან, რომ დაგვიბრუნოს ცხინვალი და აფხაზეთი, ამით მან უნდა გადადგას, ფაქტობრივად, ის ნაბიჯი, რომ ომი გამოუცხადოს რუსეთს. ახლა მითხარით, რომელი ქვეყანაა მზად ამისათვის? მიმაჩნია, რომ ეს საფრთხის მატარებელია. შეიარაღებას ამერიკაც მოგვცემს და რუსეთიც. თანამშრომლობა ერთია და მხარედ ყოფნა – მეორე. თუ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო იქნება, საიდანაც გინდათ, იქიდან ვიყიდოთ იარაღი. რა მნიშვნელობა აქვს, ვისგან ვიყიდით? რომელი ქვეყანაც გამოადგება ამ საქმეს, მზად ვარ, ნებისმიერთან ვითანამშრომლო. ვერც ამერიკული იარაღით დაამარცხებ დღეს რუსეთს და ვერც რუსულით“. – ამბობს მეჭიაური.
დღეს მეჭიაური უფრო შორს წავიდა და თავად პრემიერ- მინისტრის საგარეო კურსიც ეჭვქვეშ დააყენა. „ძალიან დიდ პატივს ვცემ პრემიერს, პატივს ვცემ მის ხედვებსაც იმიტომ, რომ გონიერი კაცია. რაც შეეხება მის შეფასებას, მგონია, რომ მთლად დარწმუნებული ისიც არაა, რომ ეს კურსი სწორია“. – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი.
მმართველი ძალის მხრიდან დეკლარირებული კურსის კრიტიკის გახშირებასთან ერთად, დღის წესრიგში თავად „ქართული ოცნების“ პრორუსულობის საკითხიც დგება.
შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება 2012 წელს გამარჯვებულმა ძალამ საგარეო პრიორიტეტების მიმართ და გამოხატავს თუ არა მეჭიაური პარტიის პოზიციას. ამ საკითხზე „მეტრონომი“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
„მეტრონომი“: თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ნატოში შესვლას მხარს არ დაუჭერს, დღეს პრემიერ–მინისტრის საგარეო კურსიც დააყენა ეჭვქვეშ. თქვენ როგორ აფასებთ თანაპარტიელის განცხადებებს. ის „ქართული ოცნების“ რიგითი წევრი არ არის. მეჭიაური პარტიის ერთ–ერთი ლიდერია.
ირაკლი სესიაშვილი: ამ განცხადებაში ყველაზე სწორი რაც თქვა ბატონმა თამაზმა იყო ის, რომ ჩემი აზრითო. ეს მართლაც მისი აზრია, რადგან ეს აზრი აბსოლუტურად განსხვავდება როგორც „ქართული ოცნების“ ისე მთავრობის მოქმედებებისგან. ქართულ სახელმწიფოს საზოგადოებასთან ერთად არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს და მათი არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეა. მათი არჩევანი მტკიცე და ურყევია.
რა თქმა უნდა, ცალკეულ დეპუტატებს აქვთ უფლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი. შესაძლოა ეს აზრი არ მომწონდეს, ან გარკვეულ დისკომფორტს მიქმნიდეს, მაგრამ ის ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის ამ მიმართულებით განვითრებაზე. არ მომწონს და ვემიჯნები ამ განცხადებას, თუმცა არც ისეთი დიდი საფრთხის მატარებელია, „არც ისე წვიმს როგორც ქუხს“.
– მეჭიაური პარტიას წარმოადგენს და ის მხარს არ უჭერს დეკლარირებულ კურსს, იმ კურს, რომელსაც 2012 წლის არჩევნების წინ დაჰპირდით მოსახლეობას.
– მოდით შედეგებს გადავხედოთ, შედეგი რა არის? შედეგია ასოცირების შეთანხმება, უელსის სამიტის გადაწყვეტილება. შედეგია ის, რომ ამერიკური ტექნიკა პირველად ისტორიაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ასეთ წვრთნებს ატარებს. ვიზალიბერალიზაციაა შედეგი. არაერთმა ჩვენმა პარტნიორმა დასავლეთში აღიარა საქართველოს პროგრესი. ესენია ფაქტები. ვინმეს განცხადებები ვერ შეგვიშლის ხელს ჩვენი მიზნების მიღწევაში. ცალკეულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ კიდეც განსხვავებული აზრი, თუმცა გარკვეულ უხერხულობას მათი განცხადებები შესაძლოა გვიქმნიდეს, მაგრამ ეს უხერხულობა კიდევ უფორ გვაძლიერებს.
– რა კუთხით აძლიერებს პარტიას ადამიანები, რომელთაც ღიად პრორუსული ორიენტაცია აქვთ?
– მე და ჩემს თანამოაზრეებს, მთავრობას, პრემიერს გვაძლიერებს იმ კუთხით, რომ ჩვენ ამ საკითხზე ვაკეთებთ ძალიან მკაფიო განმარტებებს, ვაკეთებთ ძალიან მტკიცე აქცენტებს და თქვენი, მედიის საშუალებით საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუმეორებ, რომ ამ ქვეყნის ევროპული არჩევანი არ შეიცვლება. ვინც ამ ნავში არის იმუშავებს ჩვენთან და დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს, ვინც ამ ნავში არ არის მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება.
– თითქმის ოთხი წელი გავიდა რაც პარტია „ქართული ოცნება“ შეიქმნა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძლიერ, მონოლითურ ძალად, რომელსაც მკაფიო იდეოლოგია ექნებოდა პარტია ვერ ჩამოყალიბდა?
– მონოლითი, ზომბირებული პოლიტიკური ძალა ეს ყველაფერი გავიარეთ. ნუ გგონიათ, რომ ევროპაში ყველა ერთ ხმაზე მღერის. ცოტა ხნის წინ ჩეხეთში ვიყავი და პარლამენტართა 15% კომუნისტები არიან, მაგრამ ეს ქვეყანა ნატოს და ევროკავშირის წევრია. არაფერი არ უშლის ამ ქვეყანას ხელს ძლიერ ევროპულ ქვეყანად ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. ასე რომ, ნუ გეშინიათ განსხვავებული აზრის, გეშონოდეთ ზომბირებული და მონოლითური ძალების. ჩვენ ამ ძალებზე უარი ვთქვით, მადლობა ღმერთს, რომ ბუნებრივად და დემოკრატიულად ვვითარდებით. ეს უნდა გვიხაროდეს და არ გვაშინებდეს, ამიტომ გეუბნებით, რომ ეს გვაძლიერებს და არ გვასუსტებს.
– მეჭიაურის თემა რომ ამოვწუროთ. „რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრებზე გაკეთებულ მის განცხადებაზეც მინდა გკითხოთ. მან გარკვეულად არჩევანის წინაშე დააყენა მმართველი ძალა. როგორ აფასებთ მის ამ განცხადებას?
– ვურჩევ ყველა პოლიტიკურ ძალას და განსაკუთრებით იმ ძალებს, რომლებიც კოალიციაში შედიოდნენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, როცა ჩვენს ევროპულ არჩევანს ეხება საქმე. მომეჩვენა, რომ ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს უხარია მეჭიაურის განცხადება. მათ სურთ შელახონ მმართველი ძალის იმიჯი, როგორმე საკუთარი თავისთვის დამატებითი ქულები დაიწერონ, ვითომ განსაკუთრებული პროდასავლურობით. ამ ადამიანებს ვურჩევ გაუფრთხილდნენ ერთმანეთს, რადგან კაცმა არ იცის მომავალში, როგორი იქნება პოლიტიკური გარემო. ვინ იცის ერთმანეთს დავჭირდეთ, მათ შორის დასავლური არჩევანის გასამყარებლად. რაც შეეხება ბერძენიშვილის მოწოდებას, თუ პრეტენზიას, ყველამ თავის შეცდომებს გადახედოს. არავის მითითება არ გვჭირდება, თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას და სხვის სამზარეულოში ქექვას თავი დაანებონ. ყველა თავის სამზარეულოთი დაკავდეს უმჯობესია.
– რესპუბლიკელებს სულ სამი მინისტრი ჰყავთ მთავრობაში. თქვენ თავდაცვის მინისტრის საქმიანობას ყველაზე უკეთ შეაფასებთ. მაინტერესებს, თუ გაქვთ მასთან პრეტენზია. მეჭიაურმა ფაქტობრივად გადადგომისკენ მოუწოდა
– არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თინა არის ძალიან ენერგიული ადამიანი, ძალიან კარგად მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობებში, ძალიან სერიოზული მიღწევები აქვს თავდაცვის უწყებას და მას ჩემგან სრული მხარდაჭერა აქვს. ის ჩემი თავდაცვის მინისტრი და მეგობარია. მიხარია, რომ თინა ხიდაშელი ყოველგვარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების გარეშე ქვეყანას ემსახურება და მთავრობის ერთიანი გუნდის ნაწილია. იგივე შემიძლია ვთქვა გიგლა აგულაშვილზე, პაატა ზაქარეიშვილზეც, თუმცა, მისი ბოლო განცხადება არც მე მესიამოვნა. მაგრამ რას ვიზამთ… შეცდომები ყველას მოსდის, მთავარია ამის შემდეგ შეცდომას შეცდომა არ დავამატოთ და გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე. ზომბირებული პოლიტიკა იმით განსხვავდება დემოკრატიული პოლიტიკისგან, რომ იქ სადაც მოხდება პოლიტიკის ზომბირება, დემოკრატია კვდება.
– არმაზ ახვლედიანმა დღეს თქვენი პარტია ოფიციალურად დატოვა. მისი თქმით, გარკვეული ძალები პარტიის პროგრესს ხელს უშლიან. მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გაქვთ და გამარჯვების მოსაპოვებლად არჩევნებს გააყალბებთ. რას უპასუხებდით ყოფილი თანაგუნდელის ამ განცხადებებს?
– ბატონმა არმაზმა პარტია გაცილებით ადრე დატოვა. ვერ წარმომიდგენია მივატოვო ის პარტია, ის ლიდერი, რომელმაც ქვეყანა რეჟიმისგან იხსნა. მაქვს ის პასუხისმგებლობა, რომ ამ პარტიის ერთგული ვიყო. პარტიის შიგნით თუ რამე პრობლემებია, სუსტი ამ პრობლემებს გაურბის, ძლიერი რჩება მუშაობს და უკეთესს აკეთებს პარტიისთვის. მე ამ მეორე ნაწილს მინდა მივეკუთვნებოდე.
– რეფორმების კუთხით იზიარებდით ახვლედიანის აზრს?
– ნამდვილად არ ვაპირებ პარტიის შიდა ამბების საჯაროდ გამოტანას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა თვითონ განსაზღვროს. ვის რა დავალება, ამოცანა ჰქონდა და ვინ როგორ ასრულებდა. მეჩვენება, რომ ბატონ ახვლედიანს თავისი წილი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა. ეს პოლიტიკური ამბიციები ცუდი რა არ არის, პოლიტიკოსს ამბიციები უნდა ჰქონდეს, უბრალოდ ამ ამბიციების განხორციელება ვერ შეძლო. როდესაც ადამიანები მიდიან პარტიიდან უყვართ იმაზე მეტის თქმა, ვიდრე რეალობაა, რადგან ამით ალბათ ცდილობენ საკუთარი ტრამპლინი მოძებნონ სხვა პარტიაში გადასვლისთვის.
შიდა სამზარეულოზე საუბარი, რომელიც ჩემი აზრით, რეალობისგან ძალიან შორსაა, რამდენად ღირსეული საქციელია საზოგადოებამ განსაჯოს. ამ ადამიანს თავის დროზე ძალიან დიდ პატივს ვცემდი, პიროვნულად დღესაც სიამოვნებით მექნება ურთიერთობა, მაგრამ მგონია, რომ მან თავის პოლიტიკური ამბიციები ვერ დაიკმაყოფილა და არჩევანს გააკეთებს სხვა პარტიაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ უკვე მოძებნილი აქვს.
რაც შეეხება გაყალბების საკითხს, „ქართული ოცნება“, რომ გაყალბებას არ აპირებს ამას ყველა ხედავს და ყველა წინა არჩევნები ამის ნათელი მაგალითი იყო. თუ ბატონი არმაზი იმ კასტაში მოხვედრას ცდილობს, რომელიც არჩევნების გაყალბების მოტივით საკუთარი მარცხის გამართლებას ცდილობს, ეს მათი არჩევანია. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს არჩევნები იქნება ყველაზე გამორჩეული.
– მოიგებთ არჩევნებს?
– რა თქმა უნდა მოვიგებთ.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ თელავში აპირებთ კენჭის ყრას…
– წინასწარ არაფერს ვამბობ…
მარიამ ვარადაშვილი