საქართველოს პროფკავშირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ხელმძღვანელობის პირობებში გაეროს შრომის სააგენტო ILO-მ გააძლიეროს არა მხოლოდ სოციალური დიალოგისა და შრომითი უფლებების დაცვა, არამედ რეალური მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნებს საერთაშორისო სტანდარტებისა და კონვენციების პრაქტიკაში განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საქართველოს ინტერესშია, სააგენტოს ახალი დირექტორის არჩევნებამდე მიმდინარე პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო, ისე სოციალური პარტნიორები.
„შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) – გაეროს ერთადერთი სამმხრივი სპეციალიზებული სააგენტო, სადაც გადაწყვეტილებების მიღებაში მთავრობებთან ერთად დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წარმომადგენლები მონაწილეობენ, ახალი გენერალური დირექტორის არჩევისთვის ემზადება. არჩევნები 2026 წლის 16 ნოემბერს, ILO-ს მმართველი საბჭოს ფარული კენჭისყრით გაიმართება, ხოლო არჩეული გენერალური დირექტორი უფლებამოსილების შესრულებას 2027 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება. არჩევნებამდე, 23 სექტემბერს, დაგეგმილია კანდიდატების მონაწილეობით საჯარო ინტერაქციული ღონისძიება, 9 ნოემბერს კი – კანდიდატთა მოსმენები.
ეს არჩევნები მხოლოდ ადმინისტრაციული ხელმძღვანელის შერჩევა არ არის. გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს შრომის საერთაშორისო ბიუროს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ILO-ს პოლიტიკური და პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებაში, საერთაშორისო დღის წესრიგის წარმოჩენასა და წევრ ქვეყნებთან ადვოკატირების პროცესში. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პირობებში განისაზღვრება, რამდენად აქტიურად გააძლიერებს ორგანიზაცია წევრ ქვეყნებში მიღებული საერთაშორისო შრომითი სტანდარტებისა და რატიფიცირებული კონვენციების პრაქტიკაში შესრულების მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებასა და პოლიტიკურ ადვოკატირებას.
საქართველოსთვის ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველო ILO-ს წევრია 1993 წლიდან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ქვეყნის შრომითი კანონმდებლობისა და ინსტიტუტების განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და სოციალური დიალოგის გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს ILO -სთან 18 კონვენცია აქვს რატიფიცირებული, მათ შორის რვა ფუნდამენტური კონვენცია. შესაბამისად, მომავალი ხელმძღვანელობის კურსი პირდაპირ უკავშირდება იმ საერთაშორისო გარემოს, რომელშიც ქვეყანამ უნდა განავითაროს გაერთიანების თავისუფლება, კოლექტიური მოლაპარაკებები, ღირსეული და თანაბარი ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო, სოციალური დაცვა, შრომის ინსპექციის ეფექტიანობა და დასაქმებულთა უფლებების რეალური დაცვა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ქალთა შრომითი უფლებებისა და სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის საკითხებსაც. ILO-ს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული კანდიდატები არიან მოქმედი გენერალური დირექტორი, ტოგოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გილბერტ ფ. ჰუნგბო (Gilbert F. Houngbo), ესპანეთის ვიცე-პრემიერი და შრომისა და სოციალური ეკონომიკის მინისტრი იოლანდა დიას პერესი (Yolanda Díaz Pérez) და პერუს წარმომადგენელი ხავიერ გონსალეს-ოლაეჩეა ფრანკო (Javier González-Olaechea Franco). განაგრძეთ კითხვა…

