X factor-ის ჟიურიში ცვლილებაა – ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი ჟიურის გვერდით მეხუთე სკამს მუსიკოსი დათო ფორჩხიძე დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ დათო ფორჩხიძე ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური შოუს, „ახალი ხმის“ სამგზის გამარჯვებული მენტორია.
აღნიშნული ცვლილება ჟიურისთვისაც და კონკურსანტებისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რის გამოც ვერც ამჟამინდელი მენტორები და ვერც კონკურსანტები ვრცელ კომენტარს ვერ აკეთებენ.
როგორც ცნობილია, დათო ფორჩხიძის პროექტში დამატება იმ კონკურსანტებმა განაპირობეს, რომლებმაც პროექტი უკვე დატოვეს და ჟიურის ამ გადაწყვეტილებამ მაყურებლის განაწყენება გამოიწვია. დათო ფორჩხიძე სწორედ მათი მენტორი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, რომელი კონკურსანტები დაბრუნდებიან პროექტში, მაგრამ ალბათ, ყველა იფიქრებთ, რომ ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა, სწორედ მარიამ აკობია იყოს.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალი OK! მარიამს გაესაუბრა:
„ჟიურიში ცვლილებების შესახებ მეც გავიგე, ლაპარაკია იმაზე, რომ შესაძლოა, პროექტს გარეთ დარჩენილი გამორჩეული კონკურსანტები დააბრუნონ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად ვიქნები მე ამ სიაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს თუ მოხდება, უბედნიერესი ვიქნები. ჩემმა პროექტიდან წამოსვლამ ბევრი ადამიანის პროტესტი გამოიწვია და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ყველა ჩემს გულშემატკივარს მადლობა სიმღერით გადავუხადო“, – განაცხადა მარიამ აკობიამ.
წყარო: okmagazine.ge