აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

არჩევნების შემდეგ პუტინი ფაშინიანს პირველად შეხვდა, მოუწოდა მალე ჩამოყალიბდეს EU-ზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრაა სომხეთში ივნისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

შეხვედრაზე პუტინმა კვლავ ისაუბრა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება სომხეთის “კანონიერი უფლებაა”, თუმცა ეს საკითხი სირთულეებს ქმნის, მათ შორის იმის გამო, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრია.

“რაც უფრო მალე განსაზღვრავს სომხეთი პოზიციას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, მით უკეთესი.” – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, მოსკოვმა უნდა გაიგოს, როგორ განავითაროს სომხეთთან ურთიერთობები მომავალში.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე კვლავ შესთავაზა სომხეთს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე “ხალხისთვის არჩევანის მიცემა”.

რუსეთსა და მის მოკავშირეებს –ბელარუსს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს – მანამდე სომხეთისთვის მოუწოდებიათ, ჩაეტარებინა რეფერენდუმი და გადაეწყვიტა, დარჩებოდა თუ არა ქვეყანა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ფაშინიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების იდეას მხარს არ უჭერს.

პუტინი და ფაშინიანი ბოლოს აპრილის დასაწყისში შეხვდნენ, როდესაც სომხეთის პრემიერი მოსკოვში იმყოფებოდა. კრემლში გამართულ შეხვედრაზე ფაშინიანმა პუტინთან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთში, რუსეთისგან განსხვავებით, “სოციალური ქსელები 100%-ით თავისუფალია”.

ივნისის დასაწყისში სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ფაშინიანის პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმებამ” ხმების 49.7%-ზე მეტი მიიღო და გაიმარჯვა.

ბოლო წლებში ფაშინიანი სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებას თანმიმდევრულად უჭერს მხარს. მოსკოვი კი აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად წევრობა შეუძლებელია.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მუშაობას გააგრძელებს “მანამ, სანამ ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება გარდაუვალი არ გახდება”.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ერევნისა და მოსკოვის პოზიციები განსხვავდება, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრობაა. ფაშინიანმა აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ “ძალიან გაუხარდება”, თუ სომხეთს ОДКБ-დან გარიცხავენ.

იტვირთბა....