აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

თეთრმა სახლმა 31 აგვისტოს ვენესუელასთან დადებული “ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი” ნავთობგარიგების დეტალური პირობები გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა 31 აგვისტოს ვენესუელასთან დადებული “ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი” ნავთობგარიგების დეტალური პირობები გამოაქვეყნა. შეთანხმების თანახმად, ვენესუელის დროებითმა ხელისუფლებამ კერძო კომპანია North American Blue Energy Partners-ს (NABEP) 100-წლიანი კონცესია გადასცა ქვეყნის 17 ნავთობსაბადოზე, რომელთა დადასტურებული მარაგიც დაახლოებით 65 მილიარდ ბარელს შეადგენს.

თავის მხრივ, აშშ-ს ომის დეპარტამენტის სტრატეგიული კაპიტალის სამსახური NABEP-ის სათავო კომპანიაში 35%-იან წილს მიიღებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს კი კომპანიის მიერ მოპოვებული ნავთობის 20%-ის თვითღირებულებით შეძენის გარანტირებული უფლება ექნება.

აშშ-ს მთავრობა ასევე მიიღებს კომპანიის მმართველობაზე მნიშვნელოვან გავლენას. ვაშინგტონს NABEP-ის დირექტორთა საბჭოს ნებისმიერი წევრის დანიშვნაზე ვეტოს უფლება ექნება, ხოლო საბჭოს წევრთა უმრავლესობა აშშ-ს მოქალაქე უნდა იყოს.

თეთრი სახლი შეთანხმებას აშშ-ს მიერ 65 მილიარდ ბარელზე “უმრავლესობით კონტროლის” მოპოვებად აღწერს. თუმცა, გამოქვეყნებული პირობების მიხედვით, ვაშინგტონი თავად საბადოების მფლობელი არ ხდება – აშშ იღებს 35%-იან წილს NABEP-ის სათავო კომპანიაში, მმართველობით უფლებებსა და მოპოვებულ ნავთობზე პრიორიტეტულ წვდომას.

შეთანხმებას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა მოაწერეს ხელი. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას “მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ნავთობშეთანხმება” უწოდა და თქვა, რომ მიღებული ნავთობის ნაწილი აშშ-ს სტრატეგიული რეზერვის შესავსებად გამოიყენება.

შეთანხმების მთავარი პირობები:

ვენესუელის დროებითმა ხელისუფლებამ NABEP-ს 17 ნავთობსაბადოზე 100-წლიანი კონცესია გადასცა. მათი დადასტურებული მარაგი დაახლოებით 65 მილიარდი ბარელია.

აშშ-ს ომის დეპარტამენტის სტრატეგიული კაპიტალის ოფისი NABEP-ის სათავო კომპანიაში 35%-იან წილს მიიღებს. თეთრი სახლის მიხედვით, წილის გადაცემა ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ხარჯის გაწევის გარეშე მოხდება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს NABEP-ის ყველა არსებული და სამომავლო საბადოდან მოპოვებული ნავთობის 20%-ის თვითღირებულებით შეძენის გარანტირებული უფლება ექნება.

სახელმწიფო დეპარტამენტი დარჩენილ 80%-ზეც პირველი შესყიდვის უფლებას მიიღებს – შესაბამისად, სხვა მყიდველისთვის მიყიდვამდე კომპანიამ ნავთობი ჯერ აშშ-ს უნდა შესთავაზოს.

აშშ-ს მთავრობას NABEP-ის დირექტორთა საბჭოს ნებისმიერი წევრის დანიშვნაზე ვეტოს უფლება ექნება, ხოლო საბჭოს წევრთა უმრავლესობა აშშ-ს მოქალაქე უნდა იყოს.

კომპანიას ამერიკელი აუდიტორები, იურისტები და მრჩევლები მოემსახურებიან. აშშ-ს მთავრობასთან დადებული შეთანხმება ამერიკული კანონმდებლობით დარეგულირდება და აშშ-ს სასამართლოების იურისდიქციას დაექვემდებარება.

NABEP ვენესუელის ნავთობინფრასტრუქტურაში $100 მილიარდამდე ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. თანხის მოძიება კერძო ამერიკული კაპიტალიდან უნდა მოხდეს.

თეთრი სახლის გათვლით, კომპანია პირველი 25 წლის განმავლობაში ვენესუელის ხელისუფლებას გადასახადებისა და ჰონორარების სახით დაახლოებით $200 მილიარდს გადაუხდის.

კონცესიები ვენესუელის ახალი ნახშირწყალბადების კანონის საფუძველზე იმოქმედებს, რომელიც ქვეყნის ნავთობსექტორის მოდერნიზაციასა და კერძო ინვესტიციებისთვის გახსნას ითვალისწინებს.

ახალი წარმოების მილიონობით ბარელი ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში უნდა დამუშავდეს. იგეგმება საბადოებზე ამერიკული საბურღი დანადგარებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამოყენებაც.

თეთრი სახლის ინფორმაციით, NABEP-ისთვის გადაცემული დამატებითი საბადოების უმრავლესობას აქამდე რუსული და ჩინური კომპანიები ან ნიკოლას მადუროსთან და უგო ჩავესთან დაკავშირებული პირები აკონტროლებდნენ. Reuters-ის ცნობით, 14 ახლად გადაცემული პროექტიდან ხუთს ჩინური კომპანიები მართავდნენ, ერთს კი – რუსული კომპანია.

იტვირთბა....