Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის (როსსტატის) კონფიდენციალური მონაცემების თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის წინააღმდეგ ომში თითქმის 100 ქვეყნის 11 000-ზე მეტი უცხოელი მოქალაქის დაღუპვა აღრიცხა.
ინფორმაცია გარდაცვალების 11 მილიონზე მეტი მოწმობისგან შემდგარ მონაცემთა ბაზას ეფუძნება, რომელსაც დამატებითი დეტალები ერთვის დაბადების ადგილის, მოქალაქეობისა და გარდაცვალების შესახებ. მონაცემები ბელარუსულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა Cyber Partisans-მა და უკრაინულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Silent Crow-მ მოიპოვეს. შემდგომში ეს ინფორმაცია Bloomberg-სა და სხვა მედია ჯგუფს გაუზიარეს.
მონაცემთა ბაზის საერთო მაჩვენებელში შედის 11 335 უცხოელი: პირები, რომლებიც ან რუსეთის ფარგლებს გარეთ დაიბადნენ, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ფლობდნენ. დაღუპვის ფაქტები 2022 წლის 24 თებერვლიდან 2026 წლის აგვისტოს ბოლომდე პერიოდშია აღრიცხული.
Bloomberg-ის კომენტარის თხოვნას როსსტატმა არ უპასუხა.
სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მდივნის დმიტრო უსოვის განცხადებით, ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთს დაახლოებით 46 000 უცხოელი ჰყავდა რეკრუტირებული. მისივე თქმით, უკრაინამ 59 ქვეყნის მოქალაქე მოწინააღმდეგე მებრძოლები დაატყვევა. უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის ცალკეული შეფასებით, უცხოელ მებრძოლთა საერთო რაოდენობა შედარებით დაბალია და დაახლოებით 28 000-ს შეადგენს.
Bloomberg-ის მიერ განხილული დოკუმენტები მიუთითებს, რომ რუსეთის არმია ყველაზე მეტად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს იყენებდა.
ამას გარდა, დაღუპულთა შორის დაახლოებით 340 აფრიკელია. მსხვერპლი ძირითადად 2025 წლიდან ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დიდი კონტინგენტები ეგვიპტიდან, კამერუნიდან, ნიგერიიდან, კენიიდან და განადან იყო.
მონაცემთა ბაზაში ჩრდილოეთ კორეის არცერთი ომთან დაკავშირებული დანაკარგი არ ფიქსირდება, იმის მიუხედავად, რომ მათ რუსეთის დასახმარებლად ათასობით სამხედრო გაგზავნეს.
Bloomberg-ის ცნობით, აღნიშნული ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეელი დაღუპულებისთვის გარდაცვალების მოწმობები არ გაუცია, შესაძლოა, იმიტომ, რომ ისინი უცხოურ ქვედანაყოფებში ირიცხებოდნენ და არა რუსულ ძალებში გაწევრიანებულ ცალკეულ პირებად.
მონაცემთა დაგვიანებით მიწოდებისა და საბრძოლო დანაკარგების აღრიცხვის სხვა სირთულეების გამო, მონაცემთა ბაზა, დიდი ალბათობით, ამცირებს დაღუპულ უცხოელ მებრძოლთა საერთო რაოდენობას.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთმა, ყაზახეთმა და კენიამ საჯაროდ განაცხადეს რუსეთის მიერ მათი მოქალაქეების უკრაინის წინააღმდეგ ომში მოტყუებით ჩათრევის შესახებ. დაზვერვის ცნობით, საკითხმა დიპლომატიურ დონეზე გადაინაცვლა და ზოგიერთი ქვეყანა ამ შემთხვევებს ტრეფიკინგის შესაძლო ფაქტებად განიხილავს.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, მოსკოვში უგანდის საელჩოდან საკუთარი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ უკრაინაში რუსეთის არმიის რიგებში მყოფი უგანდის 27 მოქალაქე დაიღუპა ან გარდაცვლილად მიიჩნევა.

