„ევროპის პოლიტიკური გაერთიანება“ წარმოადგენს სივრცეს, სადაც ევროპული კონტინენტი იკრიბება, რათა უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ევროპული უსაფრთხოების საკითხები განიხილოს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.
კოშტას თქმით, ეს სამიტები მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასასმელად, რომ ყველა ევროპული ერის უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებისგან განუყოფელია, ხოლო ევროპის კოლექტიური უსაფრთხოება განუყოფელია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისგან.
„დღეს, როდესაც უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიები ინტენსიურდება, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ის პრინციპები, რომელთა დაცვაც აუცილებელია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რაც, თავის მხრივ, ევროპაში უსაფრთხოების აღდგენასაც უზრუნველყოფს. პირველი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინას, ისევე როგორც ამ მაგიდასთან მყოფ ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, უნდა ჰქონდეს თავისუფლება, თავად აირჩიოს პარტნიორები, მოკავშირეები და საკუთარი მომავალი. ევროპაში გავლენის სფეროების დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. მეორე პრინციპი ისაა, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობა შეუძლებელია თავად ევროპის ხმის გათვალისწინების გარეშე. ეს ევროპული ხმა უნდა იყოს ევროპული სახელმწიფოების, ევროკავშირისა და ნატო-ს ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და ევროკავშირიც ასრულებს თავის როლს. მესამე პრინციპი, ეხება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მიმდინარე დისკუსიებს. აქ ველოსიპედის თავიდან გამოგონება საჭირო არ არის. ევროპას ჰქონდა უსაფრთხოების მოქმედი არქიტექტურა, ვიდრე ის, ჯერ თანდათანობით შერყევის, ხოლო საბოლოოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად არ განადგურდა. ამ საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამომავლო მსჯელობაში ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ. მსჯელობა კი უნდა ეფუძნებოდეს იმას, რისი აღდგენაც კვლავ შესაძლებელია 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტიდან მოყოლებული“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
კოშტას განცხადებით, ევროპულ ერებს შორის სუვერენული თანასწორობა, ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან თავის შეკავება, საზღვრების ხელშეუხებლობა, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარება ისეთივე აქტუალური და სამართლიანი პრინციპებია და ხანგრძლივი მშვიდობისთვის აუცილებელი პირობაა, როგორიც ორმოცდაათი წლის წინ იყო.
„ევროკავშირი გააგრძელებს მათ დაცვას უკრაინასთან ერთად ხელიხელჩაკიდებული. თქვენთან ერთად, ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, რადგან ვიცით, ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება ხანგრძლივი, თუ ის სამართლიანია, ხოლო სამართლიანი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ის პრინციპულია. ამ პროცესში ევროპის პრიორიტეტები სრულიად ნათელია: უპირველეს ყოვლისა, უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველვყოთ კონკრეტული და ხელშესახები პროგრესი შავ ზღვაში და ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებისთვის საჭირო პირობების შექმნაზე. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდეს, მთავარი გადაუჭრელი საკითხია, ნამდვილად არის თუ არა რუსეთი დაინტერესებული მშვიდობით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვხედავთ, რომ რუსეთი კონფლიქტის ესკალაციასა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებზეა ორიენტირებული. მშვიდობის შესაძლებლობისთვის ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. მომდევნო კვირები კი გადამწყვეტი გამოცდა იქნება, რამდენად არის რუსეთი მზად, შეწყვიტოს ეს ომი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც პრინციპები ხელახლა უნდა დადასტურდეს, განმტკიცდეს და გაძლიერდეს, დროში, როდესაც ჩვენ, ევროპელებს, სრული სიცხადე უნდა გვქონდეს, როგორი უსაფრთხოება გვსურს ჩვენს კონტინენტზე. შესაბამისად, დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანება (EPC) კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის უსაფრთხოების საკითხებზე პანევროპული დისკუსიის მთავარი ფორუმია“, – აღნიშნა ანტონიუ კოშტამ.

