აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსული მხარე აღიარებს, რომ უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად შავი ზღვის ფლოტის ხომალდები ნოვოროსიისკშია ბლოკირებული და ზღვაში ოპერირებას ვეღარ ახერხებს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

“უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, ოლეგ ივაშჩენკოს მოხსენების თანახმად, შიდა რუსული დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე თვეში აგრესორი ქვეყნიდან ექსპორტის ცალკეული კომპონენტები 80%-ით შემცირდა. გარდა ამისა, რუსული მხარე აღიარებს, რომ უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად შავი ზღვის ფლოტის ხომალდები ნოვოროსიისკშია ბლოკირებული და ზღვაში ოპერირებას ვეღარ ახერხებს.

ვინაიდან რუსეთის ფლოტი ვერ ახერხებს იმ სავაჭრო და ჩრდილოვანი ფლოტის დაცვას, რომელიც შესაბამის პორტებში შედის, მათ მიერ განხილულ გადაწყვეტილებებს შორის არის სამოქალაქო გემების აღჭურვა ცეცხლსასროლი იარაღით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებითა და სამხედრო პერსონალით. ჩვენ მოვამზადებთ შესაბამის საშუალებებს რუსეთის მიერ გადაზიდვების ასეთ მილიტარიზაციაზე რეაგირებისთვის.

სამხედრო დაზვერვა ადასტურებს ჩვენი შორეული დარტყმების მაღალ ეფექტურობას, კერძოდ, რუსულ სამხედრო საწარმოებსა და ნავთობის დარგის ობიექტებზე. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, რომლებიც თავად რუსული მხარის ინფორმაციას ეფუძნება, როსტოვის რეგიონში მდებარე საწარმო „კომბინატ კამენსკის“ წინააღმდეგ განხორციელებული ჩვენი შორეული სანქციების [დრონებით დარტყმების] სერიის შემდეგ, რუსებმა რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარსაწვავიანი ძრავების წარმოების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს.

გვაქვს განახლებული მონაცემები რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების წარმოებასა და ამ წარმოების მასშტაბების გაზრდის გეგმებზეც. ჩვენ ამას წინააღმდეგობას გავუწევთ და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს შესაბამისი სანქციების მხარდაჭერა მსოფლიოს ძირითად იურისდიქციებში.

კომპონენტების, აღჭურვილობისა და ჩარხების ყველა მიწოდება, რომლებსაც რუსეთი რაკეტების საწარმოებლად იყენებს, სრულად უნდა დაიბლოკოს. ეს, მათ შორის, პარტნიორების პასუხისმგებლობაცაა: უცხოური კომპონენტების გარეშე რუსები თავიანთი სარაკეტო პროგრამის ვერცერთ პუნქტს ვერ განახორციელებენ.

ასევე, მთავარ სადაზვერვო სამმართველოს აქვს მტკიცებულებები ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ კსტოვოში მდებარე რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფუნქციონირების შეჩერების შესახებ, რომელიც ყოველწლიურად 17 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებდა. მტკიცებულებები არსებობს სხვა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაჩერებაზეც. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს სიზუსტისთვის. დიდება უკრაინას!“ – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ზელენსკიმ ეს ცნობები დღეს უკრაინის დაზვრევის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს მიიღო.

იტვირთბა....