აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს [CIA] ხელმძღვანელმა მოსკოვში საიდუმლო ვიზიტისას რუსეთის ომის არასახარბიელო შეფასება წარადგინა. CIA-ის ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ, აწვდიან თუ არა პუტინს მრჩევლები ომში არსებული ვითარების რეალურ შეფასებებს | ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში
სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი კრემლს აფრთხილებს, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ მოსკოვი უარს იტყვის სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. The New York Times-ის ინფორმაციით, რეტკლიფმა ეს გაფრთხილება პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის [FSB] ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბორტნიკოვს გადასცა
გამოცემა წერს, რომ CIA-ის ანალიტიკოსებს დიდი ხანია ეჭვი ეპარებათ იმაში, აწვდიან თუ არა პუტინის მრჩევლები მას ომის ტრაექტორიისა და რუსეთის ბრძოლის ველზე დანაკარგების მასშტაბების შესახებ რეალურ, გულწრფელ სურათს. სტატიის თანახმად, რეტკლიფის შეფასებაში ხაზგასმული იყო ის უზარმაზარი ფასი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეზღუდული ტერიტორიული მიღწევებისთვის გადაიხადა – კერძოდ, ფრონტის ხაზზე რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა 35 წუთზე ნაკლებია და რომ მოსკოვმა ბოლო 18 თვის განმავლობაში უკრაინის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ დაახლოებით 1% დაიკავა
როგორც The New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რეტკლიფმა ბორტნიკოვს განუცხადა, რომ არასახარბიელო სამხედრო და ეკონომიკური პერსპექტივების გათვალისწინებით, მოსკოვმა ომის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, სანამ მისი პოზიცია კიდევ უფრო გაუარესდება. ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს [CIA] დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში საიდუმლო ვიზიტით სამშაბათს, 25 აგვისტოს ჩავიდა. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის ადმინისტრაციამ ოფიციალურ კიევს სთხოვა, დროებით შეეჩერებინა მოსკოვზე დრონებით თავდასხმები, რათა ამერიკელი მაღალჩინოსნის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

