ლატვია 1-ელი სექტემბრიდან რუსეთიდან და ბელარუსიიდან გარკვეული სამრეწველო საქონლის იმპორტს კრძალავს. ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
შეზღუდვები არა მხოლოდ რუსეთიდან და ბელარუსიიდან პირდაპირ იმპორტირებულ საქონელზე, არამედ ამ ქვეყნებიდან ლატვიაში სხვა ქვეყნების გავლით შესულ პროდუქციაზეც გავრცელდება.
აკრძალვა დაბეჭდილ წიგნებს, გაზეთებსა და სხვა პოლიგრაფიულ მასალას, ასევე, ტანსაცმელს, მზა ტექსტილს, ფეხსაცმელს, თავსაბურავებს, სათამაშოებს, თამაშებსა და სპორტულ ინვენტარს ეხება.
ლატვიის სეიმმა შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს დაამტკიცა, ხოლო მთავრობის მიერ მიღებულ რეგულაციებში აკრძალვის ძალაში შესვლის თარიღი, ანუ 1 სექტემბერი იქნა მითითებული.
ლატვიის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეზღუდვები ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, რუსეთისა და ბელარუსისთვის საექსპორტო შემოსავლის შემცირებასა და ლატვიაში რუსული პროპაგანდისტული მასალის შედინების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

